12-01-2024
„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი თამარ ჩიბურდანიძე მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ მებრძოლთა შესახებ განცხადებას ავრცელებს.
თამარ ჩიბურდანიძე ბოლო დროინდელ მოვლენებს ეხმაურება, რა დროსაც გარკვეულმა ძალებმა ხატის შეურაცხყოფაზეც კი არ თქვეს უარი და აღნიშნავს, რომ რადიკალების მხრიდან მსგავსი პროვოკაციები გახშირდება.
„ნაცმოძრაობასა“ და მათ ენჯეოებს ხელისუფლებაზე რუსეთუმეს იარლიყის მიწებება რომ არ გამოუვიდათ, ეკლესიას მიადგნენ და მისი „გარუსებით“ ცდილობენ კვლავ ხელისუფლების იმიჯი დააზიანონ. ყველამ კარგად იცის, რომ სახელისუფლებო გუნდის ძირითადი ამომრჩეველი ქართული ეკლესიის მრევლია.
რამდენიმე თვის შემდეგ, შობის დღეს წმინდა მატრონას ხატის შეურაცხყოფა შემთხვევითი არ ყოფილა. არც ის იქნება შემთხვევითი, თუკი ხვალ ხახვისებრი გუმბათის ტაძრებში რუსი წმინდანების ხატებს ჩამოხსნიან. არც ის, თუკი რომელიმე სასულიერო პირს რუსულ ენაზე აღვლენილი წირვა-ლოცვის დროს ტაძრებში შეუვარდებიან. და რაც მთავარია, ამ ყველაფერში კვლავ ხელისუფლებას დაადანაშაულებენ.
ფაქტია, „ნაცმოძრაობისა“ და მათი ენჯეოების „უღმრთოთა კავშირი“ ეკლესიაზე ახალი შტურმისთვის ემზადებიან. საარჩევნო წელს, როდესაც ოპოზიციას სხვა გზა არ რჩება, გარდა აგრესიული ქმედებებისა, ბევრჯერ გავხდებით ეკლესიისა და პატრიარქის შეურაცხყოფის მომსწრე.
სწორედ ამიტომ, დროულია (თუ დაგვიანებული არა) რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის ახალი კანონის მიღება, რათა „უღმრთოთა კავშირმა“ ვეღარ შეძლოს უწმინდური ქმედება. ამით ისინი შეურაცხყოფას აყენებენ არა მარტო მართლმადიდებელ ეკლესიას, არამედ, ყველა კონფესიას საქართველოში. უფრო მეტიც, გზას უხსნიან ახალ პროვოკაციებს სხვა კონფესიების მიმართაც. ან, იქნებ სწორედ ეს არის მათი მიზანიც?“, - წერს თამარ ჩიბურდანიძე.