29-01-2024
ევროკავშირის ორგანიზებით, ბრიუსელში მაღალი დონის ინვესტორთა ფორუმი გაიხსნა, რომელიც ევროპა-ცენტრალურ აზიას შორის სატრანსპორტო კავშირების განვითარების პერსპექტივებს მიეძღვნება და ტრანს-კასპიური სატრანსპორტო მარშრუტის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაში საჭირო ინვესტიციების მობილიზების ხელშეწყობას და ევროპა-აზიას შორის სატრანსპორტო კავშირების განვითარებაზე დისკუსიების გააქტიურებისკენაა მიმართული. ფორუმზე საქართველოს დელეგაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილი და სს „საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორი დავით ფერაძე წამოადგენს.
ინვესტორთა ფორუმი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ვალდის დომბროვსკისმა და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა გახსნეს. ფორუმში მონაწილეობენ ევროკავშირის, ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის ქვეყნების, ევროკომისიის, საერთაშორისო ფინანსური ინსტისტუტებისა და კერძო სექტორის მაღალი დონის წარმომადგენლები.
ფორუმზე განხილული იქნება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითრების ბანკის (EBRD) მიერ 2023 წლის კვლევას, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა ყველაზე მდგრადი და პერსპექტიული მარშრუტების იდენტიფიცირება ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის.
EBRD-ის კვლევის მიხედვით, ტრანს-კასპიური მარშრუტი (შუა დერეფანი) შეფასდა ყველაზე მიმზიდველ მარშრუტად ევროპის ცენტრალურ აზიასთნ დასაკავშირებლად. ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის განისაზღვრა პოტენციური საინვესტიციო პროექტები და სხვა კონკრეტული ღონისძიებები სატრანსპორტო კავშირების გასაუმჯობესებლად. აღნიშნული კვლევის მიხედვით, შესაბამისი გამტარუნარიანობის პირობებში, 2040 წლისთვის ევროპა-ჩინეთს შორის ტრანს-კასპიური მარშურტით საკონტეინერო მიმოსვლა შესაძლოა გაიზარდოს 1.1 მლნ კონტეინერამდე.
ცალკე სესია მიეძღვნება საქართველოს და სხვა პარტნიორი ქვეყნების როლს ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის დაკავშირებაში, სადაც განხილული იქნება შუა დერეფნის განვითარების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები, მათ შორის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში მიმდინარე და დაგეგმილი ინვესტიციები.