7-02-2024
„როდესაც საუბარი მიდის „ნაცების“ პირველი პრეზიდენტის ამნისტირებაზე, ვერ ვხედავ ამის საჭიროებას - ეს პრეზიდენტი ამნისტირებულია სალომე ზურაბიშვილის სახით, რომელმაც აიღო ესტაფეტის ჯოხი და დღეს გუნდის კაპიტანია,“ - განაცხადა „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას, როცა შეაფასა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ყოველწლიური მოხსენება პარლამენტში.
მან მომხსენებელი მადამ ტიუსოს შეადარა, ხოლო ოპოზიცია ცვილის ფიგურებს, რომლის ერთ ძალად გაერთიანებას ცდილობს.
„საპარლამენტო ტრიბუნასთან ვიხილეთ „ნაცების“ მესამე პრეზიდენტი და იმედია, უკანასკნელი. როდესაც საუბარი მიდის „ნაცების“ პირველი პრეზიდენტის ამნისტირებაზე, ვერ ვხედავ ამის საჭიროებას - ეს პრეზიდენტი ამნისტირებულია სალომე ზურაბიშვილის სახით, რომელმაც აიღო ესტაფეტის ჯოხი და დღეს გუნდის კაპიტანია.
გარდა იმისა, რომ ნაცების მესამე პრეზიდენტია, დღეს მე ტრიბუნაზე დავინახე მადამ ტიუსო, რომელიც ესაუბრებოდა თავის მუზეუმის ცვილის ფიგურებს, ესაუბრებოდა სერიოზულად, ძალიან დიდი პათოსით და სურდა ამ ცვილის ფიგურების ერთ ცვილის გუნდად გადაქცევა, რათა ასე მაინც გადალახონ ის ხუთ პროცენტიანი ბარიერი, რომელსაც ცალკეული ფიგურების სახით ვერ ლახავენ. ძალიან კარგი და საინტერესო გარემოებაა ის, რომ მან თავის სიტყვაში რამდენიმეჯერ მიგვანიშნა და წარმოთქვა სიტყვა „საბჭოთა“, „საბჭოური“ და ა.შ. ძალიან მენიშნა, თითქოს საკუთარ წარსულსა და ჩვენ შორის ხაზის გავლება უნდოდა.
იმ სასესიო დარბაზში, უკლებლივ ყველა, საბჭოთა კავშირში დაბადებულია, გაზრდილია და რისი თქმა უნდოდა ამით პრეზიდენტს და რა ხაზი გაუსვა ჩვენსა და საკუთარ თავს შორის, ეს კიდევ ცალკე თემაა.
დიახ, ჩვენ საბჭოთა კავშირში დავიბადეთ, იმ საბჭოთა კავშირში, რომლის ბებიებმა, ბაბუებმა, პაპებმა ამ ქალბატონის სამშობლო საფრანგეთი ფაშისტური გერმანიისაგან გაათავისუფლეს და ქალბატონ „პღეზიდანს“ მისცეს საშუალება საკუთარი სიცოცხლის ფასად ძალიან კარგი განათლება მიეღო, ძალიან კარგი მშვიდობიანი პარიზული ზეცის ქვეშ ეშრომა, ეცხოვრა, ესწავლა, ჩამოყალიბებულიყო იმ ადამიანად, რომელ ადამიანადაც მოგვევლინა ჩვენ აქ, საქართველოში. ამიტომ, ამით ჩვენი დაკნინება, თუ რაღაც ნიშნის მოგებით ქულების დაწერა, მართლაც, რომ ქაჯობაა - ეს ერთი. მან დღეს ჩვიდმეტჯერ ახსენა სხვადასხვა ბრუნვაში „რუსეთი“, „რუსული“, „რუსიფიკაცია“ და ა.შ.
როგორც ჩანს, ესაა მათი ერთადერთი საარჩევნო პროგრამა 2024 წლისთვის, როდესაც არ გინდა დიდი ფიქრი არც ეკონომიკაზე, არც საგარეო პოლიტიკაზე, არაფერზე საერთოდ - დაარქვი კანონს „რუსული“, ხელისუფლებას „რუსული“, ოცნებას „რუსული“, შობას „რუსული“, წყალკურთხევას „რუსული“ და ა.შ. სიის მიხედვით ყველაფერს მიაწერე „რუსული“ და ამით რა, საკუთარ თავს აწყნარებენ, თუ ისეთი შიში აქვთ რუსეთის წინაშე, რა შიშიც ქართველ ხალხს 1989 წლის 9 აპრილიდან არ ჰქონია არასდროს. მე არ ვიცი, ეშინოდა თუ არა 1989 წელს რუსეთის და რუსულის პარიზში მყოფ ქალბატონ „პღეზიდანს“, ვერ გეტყვით, მაგრამ აქ თავისი ფობიებით დავირუსება ჩვენი არ გამოუვა.
ქართველ ხალხს რომ ნდომებოდა სხვა გზა აერჩია 89 წელს, ჩვენ დღეს შეიძლება ბელორუსზე უკეთესი ქვეყანა ვყოფილიყავით სოციალიზმის კუთხით, მაგრამ ჩვენ ვერ შევეგუებოდით ამ სოციალისტურ მოდელს სახელმწიფოს განვითარების, იმიტომ, რომ ქართველი ადამიანი არის გაიგივებული თავისუფლებასთან, რაც მთავარია აზრის გამოხატვის თავისუფლებასთან და ეს თავისუფლება ეხება როგორც ყოფილ იმპერიებს, ასევე ახალ თანამედროვე იმპერიალისტური ტიპის წარმონაქმნებს, მათ შორის, ევროკავშირს,“ - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.