13-02-2024
"ეს იყო რეჟიმის პოლიტიკა და არა ცალკეული თანამდებობოს პირებისა თუ მოხელეებს გადაცდომა. სწორედ ამიტომ ვითხოვთ ნაციონალური მოძრაობის, როგორც დამნაშავე რეჟიმის გასამართლებას, რაც აუცილებლად უნდა მოხდეს 2024 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ," - ასე გამოეხმაურა "ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერი, ყოფილი სახალხო დამცველი სოზარ სუბარი როინ შავაძის საქმეზე წინა ხელისუფლების დროინდელი ძალოვანების დაკავებას.
სუბარის თქმით, შავაძის საქმე არის მკაფიო მაგალითი, როგორი სისხლიანი და არაადამიანური იყო ნაციონალური მოძრაობის რეჟიმი.
"როინ შავაძე დღისით, მზისით მოიტაცეს კაფედან, უსასტიკესად აწამეს, შემდეგ წაიყვანეს და დახვრიტეს. მას 40 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. თანაც, ეს ყველაფერი მოხდა რაიმე კონკრეტული ბრალდების გარეშე, რადგან როინ შავაძის მიმართ არანაირი ბრალდება არ არსებობდა. გასაგებია, რომ ასეთ უკანონობას და სისასტიკეს ვერანაირი ბრალდება ვერ გაამართლებს, მაგრამ რაიმე საფუძველი თუნდაც კანონიერი დაკავებისთვის არ არსებობდა.
სააკაშვილის ხელისუფლება ამით არ დაკმაყოფილდა და ამის შემდეგ დაიწყო მუქარა მის მეუღლესა და შვილებზე. შავაძის მეუღლეს ემუქრებოდნენ, რომ თუკი ჩივილს დაიწყებდა, მის შვილებსაც იგივე ბედი ეწეოდათ, რაც მის მეუღლეს, ემუქრებოდნენ, რომ ისეთ ხმებს გაუვრცელებდნენ, რომ ბავშვები ვერასდროს, მთელი მათი ცხოვრების განმავლობაში, ხალხში გამოჩენას ვერ გაბედავდნენ.
მაშინ სახალხო დამცველი ვიყავი და ამ საქმის გამოძიება რომ დავიწყე,ხელისუფლება თავს იმართლებდა, თითქოს დაკავებული როინ შავაძე თბილისში გადმოჰყადათ დაკითხვაზე და გზაში, ქობულეთთან ახლოს, როცა ავტომობილი გააჩერეს, მან გაქცევა სცადა. და, თითქოს, გაქცევის მცდელობის აღკვეთის დროს მოხდა მისი ლიკვიდაცია. ჩემს მოხსენებაში ძალიან მარტივად დავასაბუთე, რომ ეს იყო ტყუილი. როინ შავაძის მკვლელობა რომ გაქცევის მცდელობის დროს მომხდარიყო, მას ნატყვიარები ზურგის მხარეს ექნებოდა. შავაძეს კი 40-ივე ნატყვიარი წინა მხრიდან ჰქონდა.
და მეორე: აბსოლუტური ტყუილია, თითქოს როინ შავაძე თბილისში გადმოჰყავდათ დასაკითხად. მაშინ შიდა ქართლი ოკუპირებული იყო. შესაბამისად, ბათუმიდან ქობულეთის გავლით თბილისში დაკავებულის ჩამოყვანა შეუძლებელი იყო. ამისთვის ერთადერთი საშუალება იყო, რომ საპირისპირო მხარეს წასულიყვნენ და ჯერ გოდერძის უღელტეხილით, შემდეგ კი მესხეთისა და ჯავახეთის გავლით უნდა ჩამოეყვანათ თბილისში. ქობულეთი ამის საპირისპირო მხარესაა და როინ შავაძის ამ მიმართულებით წაყვანას ერთადერთი ახსნა აქვს - წინასწარ ჰქონდათ განზრახული მისი მკვლელობა, რაც შეასრულეს კიდეც.
ეს არის მკაფიო მაგალითი, როგორი სისხლიანი და არაადამიანური იყო ნაციონალური მოძრაობის რეჟიმი, რომელიც ებრძოდა, აწამებდა და კლავდა თავის გმირებს. ამასთან, ამ საქმესთან დაკავშირებით არსებობს ლეგიტიმური კითხვები გამოძიებასთან: როინ შავაძე რომ უკანონოდ დააკავეს, აწამეს და დახვრიტეს, დიდი ხანია ვიცოდით! ვიცოდით, რომ მის ოჯახს - მეუღლეს და ბავშვებს - ემუქრებოდნენ! ისიც ვიცოდით, ვინ ჩაიდინა ეს დანაშაული! მიუხედავად ამისა, რატომღაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა საჭირო, რომ ამ საქმის გამოძიება მომხდარიყო და 12 წელი დასჭირდა დამნაშავეთა დაკავებას.
და მეორე საკითხი: ნაციონალური მოძრაობის დროს ასეთი ტიპის დანაშაულების ჩადენას სისტემური ხასიათი ჰქონდა. ეს იყო რეჟიმის პოლიტიკა და არა ცალკეული თანამდებობოს პირებისა თუ მოხელეებს გადაცდომა. სწორედ ამიტომ ვითხოვთ ნაციონალური მოძრაობის, როგორც დამნაშავე რეჟიმის გასამართლებას, რაც აუცილებლად უნდა მოხდეს 2024 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ," - განაცხადა სოზარ სუბარმა.