15-02-2024
„მგონია რომ [ლელოს] ძალიან არაზუსტი სამიზნე ჰყავს შერჩეული. ბიძინა ივანიშვილი არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ ამომრჩევლისთვის, არამედ ჩვენი მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობისთვის, მათ შორის, ოპოზიციური ამომრჩევლისთვის, არის სტაბილურობის ფაქტორი. ეს არის ობიექტური რეალობა“-ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ირაკლი ჩიქოვანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„ადამიანს იმდენი აქვს ნაღვაწი საკუთარი სამშობლოს, სახელმწიფოს სასარგებლოდ და მეორეს მხრივ, ისეთ დროს და ისეთ ვითარებაში აქვს გამოჩენილი სიმტკიცე, რომელმაც გაიტანა ის, რომ ჩვენი სახელმწიფო დღეს მშვიდობიანი თანმიმდევრული განვითარების შესაძლებლობას ფლობს, რომ საზოგადოებაში ეს ნამდვილად განაპირობებს სიმშვიდეს.
როდესაც შენ უპირისპირდები და სამიზნედ ხდი ასეთ ადამიანს და პოლიტიკური ძალის შემქმნელს, რომელმაც შექმნა „ქართული ოცნება“ და დღეს არის ჩვენი პოლიტიკური პარტიის საპატიო თავმჯდომარე, ეს მათ მხოლოდ ვნებს. ამით ისინი ბიძინა ივანიშვილს ვერაფერს დააკლებენ.
კიდევ უფრო სააშკარაოზე გამოაქვთ საკუთარი სახე, რომელიც რაც არ უნდა შენიღბული იყოს, რაც არ უნდა დასავლური ჩანდეს, თუნდაც თავისი ატრიბუტიკით, საქართველოს ირგვლივ ამერიკული მანქანების ტურებით, რომელიც ასევე ფიასკოთი სრულდება, მიუხედავად ამისა კარგად ჩანს, რომ აქ არაფერ ევროპულობაზე საუბარი არ არის. აქ არსად არის საუბარი კანონის უზენაესობაზე, ადამიანების და ჩვენი საზოგადოების ღირსების პატივისცემაზე“-განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.