19-02-2024
ეს მარტივი და მიწევს თქმა, მდაბიო პიარია, თავად "ნაცმოძრაობის", იქიდან გამომდინარე, რომ ყოფილი "ნაცები" პრაქტიკულად, არ არსებობენ. როგორ შეიძლება, მელია, გვარამია, ხაზარაძე და ა.შ. ისე გაემიჯნონ "ნაცებს", რომ ჩვენ, საზოგადოებამ, დანარჩენმა ადამიანებმა ჩავთვალოთ, რომ ეს დღეს "ნაცი" აღარ არის და არ ასრულებს მათ მიზნებს, - ასე უპასუხა პარტია "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, შეკითხვას იმის შესახებ, თუ რისი მანიშნებელი შეიძლება იყოს ის ფაქტი, რომ ცალკეული ოპოზიციონერების მხრიდან ისმის "ნაციონალური მოძრაობის" კრიტიკა.
როგორც მდინარაძემ განმარტა, იქიდან გამომდინარე, რომ რადიკალური ფრთა, რომელსაც მაქსიმუმ 20 პროცენტი აქვს, ცდილობს, "ნაციონალური მოძრაობისგან" გამიჯვნით მოიპოვოს ე.წ. გადაუწყვეტელი ამომრჩევლის მხარდაჭერა, რომელიც ასევე 20 პროცენტს შეადგენს. მისივე თქმით, აღნიშნული სამიზნე ჯგუფის ხმების მოსაზიდად, სხვა პარტიების მსგავსად, "ქართული ოცნებაც" მუშაობს.
"იქიდან გამომდინარე, რომ მათ რადიკალურ ფრთას აქვს დაახლოებით 20 პროცენტამდე რეიტინგი, 17-18 პროცენტში არიან დღეის მდგომარეობით, ესეც მაქსიმუმ, დანარჩენ 20 პროცენტზე, რომელიც შუაშია და გადაუწყვეტელ ნაწილს წარმოადგენს, ამ ხმებზე მიდის ნადირობა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. რადგან იქ პოტენციალი არ აქვთ და იმ 20 პროცენტს ვერაფრით ასცდებიან "ნაცები" და ე.წ. "5-იანის ფაქტორი" ვერ ასცდება ამ 20 პროცენტს, უკვე დარწმუნებით იციან, ცდილობენ, რომ 20 პროცენტის ზევით, მათგან ["ნაციონალური მოძრაობისგან"] გამიჯვნით მოიპოვონ ნდობა. იმ 20 პროცენტს ყველა ემუშავება, მათ შორის, გაგიმხელთ და, "ქართული ოცნებაც" - ბუნებრივი ამბავია, იმიტომ, რომ 20 პროცენტი გადაუწყვეტელი არის ის სამიზნე ჯგუფი, რომელსაც ყველა პარტია ემუშავება. რომ დარჩნენ იმად რაც არიან და არ ითამაშონ "არა-ნაცის" როლი, ამ შემთხვევაში, თავის ბოლო რადიკალურ ამომრჩეველს, უკაცრავად ყველასთან, მათ ასე მოვიხსენიებ, რადგან რადიკალებს უჭერენ მხარს, თავიანთი ამომრჩევლისგან დამატებით, ვერავის მხარდაჭერას მიიღებენ" - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.