21-02-2024
„სოციალური საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით, მოგეხსენებათ, საქართველოს მოსახლეობის 95%-ი სარგებლობს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, რომელსაც ბიუჯეტი აფინანსებს. თქვენი მმართველობის დროს ხომ ვერ შემახსენებდით ვის ჰქონდა სახელმწიფო დაზღვევა და საქართველოს მოსახლეობის რამდენი პროცენტი სარგებლობდა ჯანდაცვით,“ - ასე მიმართა ოპოზიციას „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში ფინანსთა მინისტრის მოსმენისას.
დეპუტატის თქმით, ოპოზიციის ყალბი პათოსი ქვეყანაში უმუშევრობასთან დაკავშირებით თითქოსდა წუხილზე მიმართულია იქით, რომ ხალხს თავი დაჩაგრულად აგრძნობინონ.
„თუ თქვენ რეალურად ფიქრობთ მოსახლეობის კეთილდღეობაზე, უნდა იცოდეთ რომ მოსახლეობას სჭირდება გამართული წყალმომარაგების სისტემა, გამართული გზები, სოციალური მომსახურება, სასკოლო და უმაღლესი დაწესებულებები და ასე შემდეგ. და თქვენი ეს ყალბი პათოსი, ვითომ წუხხართ ხალხის უმუშევრობაზე, იქითკენ არის მიმართული, რომ ხალხს თავი აგრძნობინოთ დაჩაგრულად, დეპრესიულად და ეს იმის გამო, რომ თურმე საქართველოს ხელისუფლება თანაბრად არ ანაწილებს რესურსებს. უკაცრავად ბატონებო, მივმართავ ოპოზიციას, ეს ასე არ არის. ეკონომიკა და ბიუჯეტის დაგეგმვა ხმარდება იმას, რომ თანაბრად მოხმარდეს პრიორიტეტებს - ქვეყნის განვითარებას და სოციალურ საჭიროებებს.
იგივე სოციალური საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით, მოგეხსენებათ, საქართველოს მოსახლეობის 95%-ი სარგებლობს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, რომელსაც ბიუჯეტი აფინანსებს. თქვენი მმართველობის დროს ხომ ვერ შემახსენებდით ვის ჰქონდა სახელმწიფო დაზღვევა და საქართველოს მოსახლეობის რამდენი პროცენტი სარგებლობდა ჯანდაცვით. და თუ მართლა გაინტერესებთ საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობა მოდი, იმაზე ვიმსჯელოთ, თუ როგორ გავაუმჯობესოთ სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული ჯანდაცვის სერვისები და როგორ გავხადოთ უფრო ხარისხიანი ეს პროგრამა.
თუ რეალურად გაინტერესებთ საქართველოს მოსახლეობა, მაშინ დაფინანსება განათლებაზე, კვლევებზე, მეცნიერებაზე უნდა გავზარდოთ. მოდით იმაზე ვისაუბროთ, რომ მთელი ფული ხელფასებზე და პენსიებზე კი არ უნდა მივმართოთ, არამედ იმაზე, თუ როგორ უნდა გავზარდოთ განათლების ხარისხი, რომ ხვალ უფრო მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები გვქონდეს და უფრო მაღალი შემოსავლები ჰქონდეს ქვეყანას. მოდი, იმაზე ვიმსჯელოთ, როგორ გაზარდოს ქვეყანამ საექსპორტო პოტენციალი, რომ უფრო მეტი შემოსავალი შემოვიდეს ქართულ ეკონომიკაში.
ბატონ პრემიერ მინისტრს რამდენჯერმე დაუსვეს ერთი და იგივე შეკითხვა სიღარიბეზე და უმუშევრობაზე, მანაც რამდენჯერმე ახსნა ერთი და იგივე ტექსტით, რომ დიახ ვებრძვით სიღარიბეს, ვებრძვით უმუშევრობას და დადებითი სტატისტიკა და დინამიკა სწორედ იმას მოწმობს, რომ ჩვენს მიერ შემუშავებული პოლიტიკა არის სწორი და მივდივართ სწორი გზით. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის, რომ განახევრებულია სიღარიბის მიღმა მყოფი მოსახლეობის რაოდენობა და საგრძნობლად შემცირებულია უმუშევრობა,“ - განაცხადა ეკა სეფაშვილმა. .