19-09-2018
ეკონომიკის ექსპერტის, სოსო არჩვაძის განცხადებით, ექსპორტის ზრდის ზრდის ნებისმიერი პოზიტიური ცვლილება ევროკავშირის ხაზით გარკვეული პოზიტიური შედეგის დემონსტრატორია.
ეს განცხადება მან იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტის გაზრდილი მაჩვენებლის შეფასებისას გააკეთა.
მისი თქმით, საქართველოს პრიორიტეტი პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული ევროპაზე გადის და აქედან გამომდინარე, ევროპასთან ვაჭრობას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, რადგან აქ მარტო რაოდენობრივი ფაქტორი არ მონაწილეობს, აქ ხარისხობრივი ფაქტორიც არის და ეს გვიჩვენებს რამდენად კონკურენტუნარიანია ჩვენი წარმოება და ჩვენი პოტენციალი საგარეო ვაჭრობისა მსოფლიო ბაზარზე.
„მართალია, ყველა ციფრი ციფრია, მაგრამ ევროკავშირთან გატანილი პროდუქციის რაოდენობრივი გამოსახულება იმაზე მეტია, ვიდრე უბრალო სტატისტიკური მონაცემები. ამიტომ ეს მხოლოდ პოზიტიურად უნდა შეფასდეს და ვფიქრობ, კიდევ გვაქვს პოტენციალი, რომ ეს მაჩვენებლები გავზარდოთ“, - განაცხადა სოსო არჩვაძემ.
ექსპერტის თქმით, ექსპორტის ზრდას პროდუქციის დივერსიფიკაციამაც შეუწყო ხელი.
„ასევე პოზიტიურად უნდა შეფასდეს პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, რომელიც გარკვეული ხელშემწყობია მცირე და საშუალო ბიზნესისთვის. გარდა ამისა, ჩვენს პოტენციალს აძლიერებს საგადასახადო შეღავათებიც“, - აღნიშნა სოსო არჩვაძემ.