28-02-2024
„ვეტინგის ამოქმედება მოხდა ალბანეთში, უკრაინაში და ასეთი ჩანაფიქრი იყო საქართველოს შემთხვევაში. ასე რომ, ოპოზიციას ნუ დავაბრალებთ, ოპოზიციას დაავალეს ეს ყველაფერი," - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას „ხალხის ძალის“ წევრმა ზურაბ ქადაგიძემ, როცა კომენტარი გააკეთა ოპოზიციის მოთხოვნაზე, რომ საქართველოში სასამართლო სისტემის სრულყოფისათვის საჭიროა ვეტინგის სისტემის ამოქმედება.
როგორც ზურაბ ქადაგიძემ განმარტა, ვეტინგი არის სოროსის აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის, USAID-ის და აშშ-ს საელჩოს კოორდინირებული პროექტი და ის გამოყენებული იყო უკრაინასა და ალბანეთში, რის შედეგადაც ამ ქვეყნების მართლმსაჯულება სამართლებრივი სივრციდანაა გასული.
„ვეტინგის ძირითადი არსი არის ის, რომ უნდა შეიკრიბოს კოლეგია, რომელსაც წარმოადგენენ აქაური არასამთავრობო ორგანიზაციები, უცხოელი და რამდენიმე ქართველი აქტორი, მაგრამ, აქ არის მთავარი მაგრამ - გადაწყვეტილებას იღებს კოლეგია იმ შემთხვევაში, თუ ამის მომხრეა მისი აბსოლუტური უმრავლესობა. ანუ, უცხოელი აქტორი, თუ გადაწყვეტს, რომ პირობითად, თამარი არ აკმაყოფილებს მათი გაგებით კვალიფიკაციას, ამ შემთხვევაში ის უნდა გაიდევნოს სასამართლოდან. ასე მოხდა ალბანეთში, ასე მოხდა უკრაინაში და ასეთი ჩანაფიქრი იყო საქართველოს შემთხვევაში.
ასე რომ, ოპოზიციას ნუ დავაბრალებთ, ოპოზიციას დაავალეს ეს ყველაფერი. ვეტინგი არის სოროსის აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის, USAID-ის და აშშ-ს საელჩოს კოორდინირებული პროექტი. ამის თქმის საშუალებას მაძლევს ის, რომ ერთი ერთში მოხდა იგივე ალბანეთში, უკრაინაში. უკრაინული სასამართლო აბსოლუტურად გასულია უკრაინის სამართლებრივი სივრციდან და ასევეა ალბანეთში.
ასე უნდოდათ საქართველოში და ამის მცდელობა ჰქონდათ შარშან, როდესაც იყო განსაკუთრებული ჩარევები და აშშ-ს საელჩოს წარმომადგენელი ხელაღებით მოითხოვდა ზოგიერთი მოსამართლის უვადოდ დანიშვნას. ეს იყო პირველი ნაბიჯი, მას უნდა მოჰყოლოდა რაღაც დოკუმენტის შემუშავება და შემდეგ ამ ვეტინგის პროცესის დაწყება. ამას შეუშალეს მაშინ ხელი „ხალხის ძალამ“ და პრინციპულმა პოლიტიკოსებმა და წელს ვნახეთ ამ თემის შემობრუნება - როდესაც ვერ აკონტროლებენ აღმასრულებელ ხელისუფლებას, რჩება ერთადერთი, გავლენა მოახდინონ სასამართლო ხელისუფლებაზე," - განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.