28-02-2024
საფრანგეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი გაბრიელ ატალი ირაკლი კობახიძეს თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს.
როგორც მისალოც წერილშია აღნიშნული, საფრანგეთსა და საქართველოს ევროპული მომავალი აკავშირებთ.
„ბატონო პრემიერ-მინისტრო,მსურს, გულწრფელად მოგილოცოთ საქართველოს მთავრობის მეთაურად დანიშვნა და ამასთან ერთად, გულითადად გისურვოთ დიდი წარმატებები ამ საპატიო მისიის შესრულებაში ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ.გიდასტურებთ საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობის მტკიცე ნებას, ერთად ვიმუშაოთ ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობებისა და ნდობის კიდევ უფრო გასაღრმავებლად.
საქართველომ გააკეთა თავისი არჩევანი და მტკიცედ ადგას ევროკავშირისკენ მიმავალ გზას. ევროპულმა საბჭომ გასული წლის ბოლოს, დეკემბრის თვეში, მიიღო გადაწყვეტილება, თქვენი ქვეყნისთვის მიენიჭებინა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი და გამოხატა რწმენა, რომ ქვეყანა შეუქცევადად და ინკლუზიურად შეასრულებს იმ რეკომენდაციებს, რომლებიც კომისიამ 2023 წლის 8 ნოემბერს განსაზღვრა, კერძოდ, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და საარჩევნო გარემოს გაძლიერების კუთხით. საფრანგეთსა და საქართველოს, ისე როგორც არასდროს, ევროპული მომავალი აკავშირებთ. ამ მხრივ ეჭვი არ მეპარება თქვენს მიზანდასახულობაში და კიდევ ერთხელ გიდასტურებთ ამ გზაზე ჩვენს სრულ მხარდაჭერას.
საქართველოს საფრანგეთთან განსაკუთრებული პარტნიორობა აკავშირებს. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ჩემი მთავრობა გააგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრულ და უპირობო მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
იმ ფონზე, როდესაც ევროპა ინფორმაციით მანიპულირების კამპანიამ მოიცვა, ჩვენი მოვალეობაა, გავაგრძელოთ და კიდევ უფრო განვამტკიცოთ ჩვენი თანამშრომლობა და ერთობლივად დავიცვათ საერთო ღირებულებები.კიდევ ერთხელ გილოცავთ, ბატონო პრემიერ-მინისტრო და წარმატებებს გისურვებთ თქვენს საქმიანობაში", - აღნიშნულია წერილში.