გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: დროებითი საგამოძიებო კომისიის ანგარიში პოლიტიკურ კონტექსტს ასახავს, რაც ძალიან სამწუხაროა

20-09-2018

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის ანგარიში პოლიტიკურ კონტექსტს ასახავს.


 „ჩვენ დავუშვით ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტი, როდესაც შევქმენით ეს საგამოძიებო კომისია და როდესაც ამ კომისიაში უმრავლესობა მივეცით უმცირესობას. ეს იყო მნიშვნელოვანი პრეცედენტი და ჩვენ გვქონდა ძალიან დიდი იმედი, რომ ამ პრივილეგიას თუ ამ უფლებას, უმცირესობა არ გამოიყენებდა სუბიექტური პოლიტიკური მიზნებისათვის. თუმცა, ანგარიში, საბოლოოდ, ასახავს ამ პოლიტიკურ კონტექსტს, რაც არის ჩვენთვის ძალიან სამწუხარო. მე შემიძლია, ზოგადად, მოგახსენოთ იმის თაობაზე, თუ რა იყო მოლოდინი და თუ რამდენად გამართლდა ეს მოლოდინი. თავიდანვე კომისიამ თავის თავს დაუსახა ძალიან ამბიციური ამოცანა, რომ დაედგინა ჭეშმარიტება ამ საქმეზე. მოგეხსენებათ, პრეტენზია, მათ შორის ოპოზიციის მხრიდან და მათ შორის საზოგადოების წარმომადგენლების მხრიდან, უკავშირდებოდა იმას, რომ საგამოძიებო ორგანოებმა ვერ გახსნეს ბოლომდე საქმე და ვერ დაადგინეს ბოლომდე ჭეშმარიტება იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ მიაყენა სასიკვდილო ჭრილობა სარალიძეს. აქედან გამომდინარე, ამოცანა დაისახა  კომისიამ ამ ჭეშმარიტების დადგენა, თუმცა, ყველამ ერთად ვიხილეთ, რომ სამი თვის თავზე, კომისიამ ეს ჭეშმარიტება ვერ დაადგინა, რაც აჩენს, ბუნებრივია, იმის ეჭვს, რომ რასაც ამბობდა გამოძიება, პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო იყო მართალი და კერძოდ, საუბარია, იმაზე, რომ არსებობდა ობიექტური დაბრკოლებები, რომლებიც ხელს უშლიდა ჭეშმარიტების დადგენას. აქედან გამომდინარე, ყველაფერს ნათლად გაეცა პასუხი და აქედან გამომდინარე, საუბარი ვინმეს პოლიტიკურ და მითუმეტეს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე არის, რა თქმა უნდა, ზედმეტი და ეს არის მხოლოდ და მხოლოდ, სუბიექტური პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე ჩანაწერები“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა სახალხო დამცველის განცხადებასაც. მისი თქმით, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე მსჯელობა სასამართლოს პრეროგატივაა.

 

„საქმე არის სააპელაციო სასამართლოში. რამდენიმე პირი იყო ჩართული იმ ინციდენტში, რომელსაც მოყვა, სამწუხაროდ, ფატალური შედეგი და სააპელაციო სასამართლოს ეტაპზე დამატებით აქვს საშუალება სამართალდამცავ ორგანოებს და ასევე, სასამართლო ხელისუფლებას, რომ მეტი გარემოება დაადგინონ და ამის საფუძველზე იმსჯელონ კონკრეტული პირების სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე. ეს არ არის ჩვენი პრეროგატივა, ეს არის, საბოლოო ჯამში, სასამართლოს პრეროგატივა. ამიტომ, ჩვენ უნდა დაველოდოთ მეორე ინსტანციას, მესამე ინსტანციას და ამის საფუძველზე და ამის შემდეგ უნდა გამოვიტანოთ საბოლოო დასკვნები. მთავარი, კიდევ ერთხელ, არის ის, რომ დადგინდეს ობიექტური ჭეშმარიტება. დადგინდეს ის, თუ ვის რა წვლილი მიუძღვის ამ ფატალურ ინციდენტში. შესაბამისად, ინტერესი არის საქმის გახსნა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

მისივე შეფასებით, არსებობს ობიექტური განცდა იმასთან დაკავშირებით, რომ გარკვეული ობიექტური გარემოებები საქმის გახსნას ხელს უშლის. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, კომისიამ საერთო სურათი საკუთარი თვალით ნახა და ეს მის ანგარიშშიც უნდა ასახულიყო, თუმცა, წარმოდგენილ დასკვნაში ოპოზიციამ ამას გვერდი აუარა. ირაკლი კობახიძემ კომისიის წევრებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ კომისიამ, სამთვიანი მუშაობის პერიოდში, იმაზე მეტი ვერ დაადგინა, რაც დაადგინეს საგამოძიებო ორგანოებმა.

 

„არსებობს ობიექტური განცდა იმასთან დაკავშირებით, რომ გარკვეული ობიექტური გარემოებები უშლის ხელს საქმის გახსნას. ეს არის, მაგალითად, ის გარემოება, რომ კონკრეტული მოწმეები არ იძლევიან ჩვენებებს. იყო ჩვენს შემთხვევაში ასეთი ფაქტი, როდესაც დააკავეს კონკრეტული არასრულწლოვნები, წავიდნენ კომისიის წარმომადგენლები შესაბამის დაწესებულებაში გამოკითხვის ჩასატარებლად, თუმცა, მათ გამოიყენეს დუმილის უფლება. ასეთ პირობებში, ბუნებრივია, ობიექტური გარემოებები არ იძლევა საქმის სათანადოდ გახსნის შესაძლებლობას. ეს არის საერთო სურათი, რომელიც თავისი თვალით ნახა კომისიამ და ესეც უნდა ყოფილიყო ასახული, რა თქმა უნდა,  ანგარიშში, თუმცა ამას გვერდს უვლის ოპოზიციის მიერ წარმოდგენილი დასკვნა. ჩვენ გვექნება დადგენილების ჩვენი პროექტი, რომელიც დღეს გამოვა სესიაზე და კენჭს ვუყრით ჩვენს დადგენილებას, რომელშიც იქნება ასახული ჩვენი პოზიცია  ამ საქმესთან დაკავშირებით და კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით. ზოგადად, მინდა, რა თქმა უნდა, კომისიის თითოეულ წევრს გადავუხადო მადლობა გაწეული საქმიანობისთვის. ეს იყო ძალიან ინტენსიური მუშაობის სამთვიანი პერიოდი. უამრავი ადამიანი გამოიკითხა, უამრავი ახალი გარემოება დადგინდა ამ მუშაობის განმავლობაში. შესაბამისად, გაწეულ იქნა ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო. თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ საბოლოოდ, იმაზე მეტი, რაც დაადგინეს საგამოძიებო ორგანოებმა თავის დროზე, ამ სამი თვის განმავლობაში რეალურად კომისიამ ვერ დაადგინა ამ ობიექტური მიზეზების გამო“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930