გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველო მრავალეროვნულ სწავლებას „ტროას ნაკვალევი 24“ მასპინძლობს

4-03-2024

სწავლებაში თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების სარდლობის ქვედანაყოფები მონაწილეობენ. სწავლების გახსნის ოფიციალური ცერემონია ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) გაიმართა. თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ, სპეციალური ოპერაციების ძალების სარდალმა, პოლკოვნიკმა ოთარ ბერიანიძემ და საქართველოში აშშ-ის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის ხელმძღვანელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ეროლ მუნირმა სწავლების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს და წარმატებები უსურვეს.


სწავლება - „ტროას ნაკვალევი 24“ აშშ-ის ევროპაში სპეციალური ოპერაციების ძალების სარდლობის (US-SOCEUR) ორგანიზებით, პარალელურად სამ ქვეყანაში - რუმინეთში, საბერძნეთსა და საქართველოში ტარდება. საქართველოში ჩასატარებელ კომპონენტში აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, რუმინეთის, პოლონეთისა და ესპანეთის სპეციალური დანიშნულების ძალების წარმომადგენლები მონაწილეობენ. სწავლებაში, ასევე ჩაერთვებიან ეროვნული გვარდიის ტერიტორიული თავდაცვის რეზერვისტები და მოხალისეთა ორგანიზაციების წარმომადგენლები. სწავლების ფარგლებში, ქართველი სამხედრო მოსამსახურეები, პარტნიორი ქვეყნების სპეციალური ოპერაციების ძალების წარმომადგენლებთან ერთად, სახმელეთო და საზღვაო კომპონენტებში მომზადებას აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში გაივლიან.


„ტროას ნაკვალევი 24“ მიზნად ისახავს მონაწილე ქვეყნებს შორის ურთიერთთავსებადობის გაზრდას, გამოცდილების გაზიარებასა და მზადყოფნის დონის ამაღლებას.


საქართველოს თავდაცვის ძალები მრავალეროვნულ სწავლებაში მესამედ მონაწილეობს. მსგავსი სახის საერთაშორისო სწავლებებში მონაწილეობით, საქართველო აძლიერებს შეკავებისა და მდგრადობის შესაძლებლობებს, ზრდის თავდაცვისუნარიანობას და ნატოს წევრ ქვეყნებთან თავსებადობას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930