9-03-2024
ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართულ კანონს რუსული კი არა, სულ რომ საბჭოთა ეძახონ, ჩვენ ამას ბოლომდე მივიყვანთ, იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის თანამედროვეობის უდიდესი გამოწვევა, - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მან კომენტარი გააკეთა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, "თბილისი პრაიდი" სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში საპროტესტო აქციებს გეგმავს და ასევე, "ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხზე ოპოზიციური პარტიები მიჰყვებიან სტრატეგიას, რასაც „თბილისი პრაიდი“ ათანხმებს საერთაშორისო პარტნიორებთან."
მდინარაძის შეფასებით, "თბილისი პრაიდი" შეეცდება, 2023 წლის მარტის მოვლენების მსგავსად საპროტესტო ტალღა ააგოროს, თუმცა, სქემა ბოლომდე გაშიფულია. მისივე თქმით, ლგბტ პროპაგანდისგან დაცვა არ არის ჰაერიდან მოტანილი თემა და მნიშვნელოვანია ქართულმა საზოგადოებამ დააფიქსიროს, რომ ეს მისთვის მიუღებელია.
"რა ტექსტიც წავიკითხე, არის პირდაპირი რეკომენდაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ჯერ დაწეროს „ქართულმა ოცნებამ“ კანონი ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ და შემდეგ ააგორონ, ისევე როგორც ეს შარშან, მარტში გააკეთეს. გუშინ წლისთავი იყო ამ ფეიკ - კამპანიის, ეს იყო საუკუნის აფერა, რომ ამერიკული კანონი და მისი პირდაპირი თარგმანი შეასაღეს საზოგადოებას, ახალგაზრდების ნაწილს, როგორც რუსული კანონი.
ეს არ არის ჰაერიდან მოტანილი თემა. ჰაერიდან მოტანილ თემაზე არ ლაპარაკობს რომის პაპი, ჰაერიდან მოტანილ თემაზე არ ლაპარაკობენ ადამიანები, რომლებიც ეროვნული იდენტობისა და მსგავსი საკითხების შენარჩუნებაზე ზრუნავენ თანამედროვე, ცივილიზებულ სამყაროში. როდესაც ოფიციალურ სტრუქტურებშიც კი შეაღწია თემამ, რომ უნდა აიკრძალოს საუბარი დედაზე და მამაზე და მხოლოდ მშობელი უნდა ვახსენოთ, ამას ჩვენ ამას უნდა დავუპირისპირდეთ და ჩვენს მეგობრებს, თუკი მათთანაც არის ეს სერიოზული პრობლემები, ვუთხრათ, რომ ეს არ არის სწორი მიდგომა, ეს არის მიუღებელი ქართული საზოგადოებისთვის, ისევე როგორც მიუღებელია არატრადიციული ცხოვრების წესიდან გამომდინარე ქორწინების დაშვება. ჩვენ ამიტომ 2017 წელს წინასწარვე გავიმყარეთ პოზიციები და საქართველოს კონსტიტუციაში ჩავწერეთ, რომ ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალის და მამაკაცის კავშირი. ეს საკითხი არ გადაიხედება.
უკვე გაიშიფრა, რომ „პრაიდის“ წარმომადგენლები თურმე იქით აძლევენ რეკომენდაციებს თავიანთ პატრონებს იმასთან დაკავშირებით, როდის უნდა გააპროტესტონ კანონი, როდის "რუსული" უნდა დაარქვან და ა.შ.. ეს სქემა ბოლომდე გაშიფრულია და ალბათ, ქართული საზოგადოება თავის დასკვნებს გამოიტანს, თუ რა ხდებოდა შარშან, როდესაც ასევე სპეკულაციურად ამერიკულ კანონს რუსული დაერქვა“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.