9-03-2024
ჩვენი ქვეყანა და ხალხი არასოდეს დაბრუნდება იმ ტერორში და უბედურებაში, რომელიც ქვეყანაში აგენტურის მიერ იყო დამყარებული. ხალხმა ნახა, რა უბედურება მოუტანა უცხო ქვეყნების ინტერესების გამტარებელმა და ქართველი ხალხის ინტერესების მოღალატე ხელისუფლებამ. არავის მივცემთ საშუალებას, რომ ხელმეორედ და სამუდამოდ დაანგრიონ ქვეყანა - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ზუგდიდში, სამეგრელო-ზემო სვანეთის პარტიულ აქტივთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, „ქართულმა ოცნებამ“ და პარტიის დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა მოიტანა მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარება და დემოკრატია.
მისი თქმით, ეს არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის - ის რისკები, რომელიც უკავშირდებოდა უსაფრთხოებას, ჩვენი ქვეყნის ჩართულობას ომში და აქ „მეორე ფრონტის“ გადმოტანას, არსად წასულა.
მისივე თქმით, “ქართული ოცნების“ გამარჯვება არის ერთადერთი უალტერნატივო გამოსავალი ხალხისთვის, რომ „შევინარჩუნოთ მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება“.
„ზუგდიდი ყოველთვის იყო გამორჩეული ცენტრი საქართველოში, სწორედ ამიტომ, საუბარი გვქონდა ჩვენი პარტიის გეგმებზე, შემდგომ ნაბიჯებზე. მომდევნო სამი თვის განმავლობაში, ივნისამდე ყველა რეგიონს მოვივლი, ეს არის წინამოსამზადებელი პერიოდი, ამის შემდეგ მოვემზადებით, რომ დავიწყოთ ოფიციალურად კამპანია. ჩვენ გავიხსენეთ, თუ რა რთული მდგომარეობა იყო ზუგდიდში 2012 წელს და შემდეგ ყველა არჩევნებზე სამეგრელოს და ზემო სვანეთის ჩვენი ამომრჩეველი ძალიან ღირსეულად, ძლიერად ედგა პარტიას გვერდით და სწორედ მათი, ჩვენი ხალხის, ჩვენი ამომრჩევლის მხარდაჭერით მივაღწიეთ ძალიან ბევს გამარჯვებას. ეს არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის. დღეს ქვეყანაში არის სტაბილურობა, მშვიდობა. ჩვენ შევინარჩუნეთ მშვიდობა, სტაბილურობა და ძლიერი, სწრაფი ეკონომიკური ზრდა, თუმცა, ის რისკები, რომელიც შარშანწინ და შარშან არსებობდა ქვეყნის წინაშე, ვგულისხმობ გამოწვევებს, რომელიც უკავშირდებოდა უსაფრთხოებას და ზოგადად ჩვენი ქვეყნის ჩართულობას ომში და აქ მეორე ფრონტის გადმოტანას, არსად წასულა. ამ საკითხებზე ვილაპარაკე ჩვენს ამომრჩეველთან, ჩვენი პარტიის აქტივთან და ვუთხარი, რომ რა თქმა უნდა, „ქართული ოცნების“ გამარჯვება არის ერთადერთი, უალტერნატივო გამოსავალი ჩვენი ხალხისთვის, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება.
„ქართულმა ოცნებამ“ და ჩვენი პარტიის დამფუძნებელმა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა მოიტანა მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარება და დემოკრატია. 2012 წელს კარგად გვახსოვს, რა მდგომარეობა იყო. ჩვენი ქვეყანა და ხალხი არასოდეს დაბრუნდება იმ ტერორში და უბედურებაში, რომელიც ქვეყანაში აგენტურის მიერ იყო დამყარებული. ჩვენ კარგად ვნახეთ, ხალხმა ნახა, რა უბედურება მოუტანა უცხო ქვეყნების ინტერესების გამტარებელმა ხელისუფლებამ და ქართველი ხალხის ინტერესების მოღალატე ხელისუფლებამ. ქვეყანა დაანგრიეს რეალურად, ამიტომ ჩვენ არ მივცემთ საშუალებას არავის, რომ ხელმეორედ და სამუდამოდ დაანგრიონ ჩვენი ქვეყანა. ამიტომ არის მნიშვნელოვანი ეს არჩევნები, ამიტომ სჭირდება მობილიზაცია ჩვენს პარტიას. ამ მიზანს ემსახურება ჩემი სიარული რეგიონებში. პროპორციული არჩევნები ტარდება პირველად, ეს იქნება სრულად პროპორციული არჩევნები, ელექტრონულად ჩატარდება, აღარ იქნება მეორე ტურები და ამიტომ საჭიროა, რომ ჩვენმა პარტიამ აიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა. ეს არის ჩვენი მიზანი და მთავარი გზავნილი“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.