21-03-2024
„ჩვენ დავრწმუნდით, რომ სიმართლის თქმა დასავლელი პარტნიორებისთვისაც სასარგებლოა,” - ასე პასუხობს „ხალხის ძალის“ საერთაშორისო მდივანი ეკა სეფაშვილი შეკითხვას, ხომ არ გაართულებს დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობას პარტიის მკაფიოდ გამოკვეთილი პოზიცია, რომელიც ეფუძნება საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვას.
ეკა სეფაშვილის თქმით, ხალხის და ქვეყნის ინტერესების დაცვა არის საქართველოს „წითელი ხაზები“ და ევროპელ პარტნიორებს მოუწიათ ამ ხაზების დაცვა. შესაბამისად, საქართველომ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.
„რამდენიმე თვის წინ იყო საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის სხდომა, სადაც ვიხილავდით საქართველოს პროგრესს. მარინა კალიურანდის, რომელიც ევროკომისიის მხრიდან ხელმძღვანელობს ამ კომიტეტს, საქართველოს მიმართ ჰქონდა არასასიამოვნო განცხადება, რის საპასუხოდაც შევახსენე მას იმის შესახებ, რაოდენ დიდია ევროკავშირის მხრიდან რუსეთთან ვაჭრობის მოცულობა; ასევე შევახსენე, თუ როგორ გმობდნენ რუსეთთან პირდაპირი ფრენების გაწყვეტას 2019 წელს; შევეხე მათი რუსეთთან ალმასებით ვაჭრობის საკითხს. თუ ვთქვათ, მარცვლეულით და ენერგომატარებლებით ვაჭრობა გარკვეული პრაგმატული მიზეზებით შეიძლება აიხსნას, მაშინ საკითხავია, ალმასებით ვაჭრობას რით ხსნიდნენ. აი, ამ შეხსენებებმა გარკვეული შედეგი გამოიღო. სხვათა შორის, კერძო საუბარში მარინა კალიურანდის ვუთხარი, რომ მომწონს მისი მიდგომა და მეგობრები იმისთვის არსებობენ, რომ ღიად და დაუფარავად ისაუბრონ პრობლემებზე და ერთად იფიქრონ მათი გადაჭრის გზებზე.
გვქონდა ასევე შეხვედრა ლატვიის საპარლამენტო დელეგაციასთან და მათ მადლობა გადავუხადე იმისთვის, რომ ევროკავშირმა გაითვალისწინა ჩვენი „წითელი ხაზები“ - ტერიტორიული მთლიანობა, ჩვენი ხალხის და ქვეყნის ეროვნული ინტერესი უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ასევე, ჩვენი ეკონომიკური წინსვლის ინტერესები და მოხარული ვარ, რომ მათ გაითვალისწინეს ეს „წითელი ხაზები“ და მოგვანიჭეს სტატუსი. როდესაც ღიად საუბრობ, პირველ ხანებში ცოტა შოკირებულები არიან, თუმცა შემდეგ იღებენ ამ არგუმენტებს,” - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.