25-03-2024
„ევროპა გვინდა“, არ ნიშნავს იმას, რომ წითელი კრემლის ნაცვლად ლურჯი ან ცისფერი კრემლი გვინდა. „ევროპა გვინდა“ ნიშნავს, რომ გვინდა დეკლარირებული ევროპული ღირებულებები და არა დიქტატი ან სხვა, კიდევ უარესი, - წერს სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაციის, „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ დამფუძნებელი, ნანა კაკაბაძე.
კაკაბაძის თქმით, დასავლეთმა აღარ უნდა გაგვიხადოს სუვერენიტეტი და დემოკრატია თავიდან საბრძოლველი, არ უნდა გვიფინანსოს გადატრიალებები, არ უნდა გვაიძულოს მეორე ფრონტის გახსნა და არ უნდა მოგვთხოვოს ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებების მიღება. მანვე აღნიშნა, რომ მტერმაც და მოყვარემაც უნდა იცოდეს, რომ ჩვენი ხალხის მისწრაფება, სუვერენული და დემოკრატიული საქართველოა და არა რომელიმე ფერის კრემლის დიქტატი.
„საქართველო და დასავლეთი ევროკავშირმა საქართველოსთან მიმართებაში კიდევ ერთი არაობიექტური განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: “სასამართლო სისტემაში არსებული გამოწვევების გადასაჭრელად, საქართველომ უნდა ჩამოაყალიბოს საგანგებო კეთილსინდისიერების შემოწმების სისტემა, ამ პროცესში, გადამწყვეტი როლის მქონე საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით,სასამართლო სისტემის ყველა წამყვან თანამდებობაზე დანიშნული კანდიდატებისა პირებისთვის, კერძოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭო, უზენაესი სასამართლო და სასამართლოს თავმჯდომარეები... მნიშვნელოვანია სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა”.
იმ სიტუაციაში, როდესაც ევროკავშირის სტრუქტურები მოლდოვისა და უკრაინის სასამართლო სისტემებში არსებულ მდგომარეობას იწონებენ. წარსულში ასევეთივე მოსაწონი იყო მათთვის სააკაშვილის დროინდელი სასამართლო, უბრალოდ, წარმოუდგენელია, რომ მათ ობიექტურობასა და კეთილსინდისიერებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. აშკარაა, რომ საქართველო დემოკრატიული რეფორმების გზაზე არათუ მოლდოვა და უკრაინას, არამედ ბოსნია-ჰერცეგოვინასაც უსწრებს (რომლებთანაც ევროკავშირი უკვე გაწევრიანებაზე მოლაპარაკებას იწყებს), ამის მიუხედავად, საქართველოს მიმართ, მხოლოდ ერთი წინადადებით შემოიფარგლნენ: „ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას იმ გამოწვევებში, რაც მის წინაშე დგას რუსეთის ქმედებების შედეგად და რაც ძირს უთხრის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას“. და შემდეგ მკაცრად გვისაზღვრავენ, რომ ჩვენმა ქვეყანამ 9 პირობა უნდა შეასრულოს. გასაგებია, რომ ომისა და შექმნილი პოლიტიკური სიტუაციის გამო ამავე დოკუმენტში რეკომენდირებულია უკრაინის „დაყოვნების გარეშე მოლაპარაკებების დაწყება ევროკავშირში გასაწევრიანებლად“, მაგრამ მაშინ უნდა ღიად აგვიხსნან, რომ ყველანაირ დემოკრატიულ რეფორმებზე აპელირება არის ტყუილი და ევროკავშირი მხოლოდ პოლიტიკური მიზანშეწონილობით ხელმძღვანელობს.
საქართველოში ერთ-ერთ მოთხოვნად, დასავლური სტრუქტურები, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას ასახელებენ, რაც ჩვენთვისაც მისაღებია, მაგრამ თუ დამკვირვებლებიც არაობიექტურები გამოაგზავნეს, დააწერინეს ისეთივე შეკვეთილი დასკვნა, როგორსაც ოფიციალური და არაოფიციალური ევროპული ინსტიტუციების განცხადებებში ვკითხულობთ, მაშინ ამას არავითარი სანდოობა არ ექნება. ევროსტრუქტურები როდესაც საქართველოში, არჩევნების თუ ცესკოს მიმართ ნდობის ხარისხს იწუნებენ, პირველ რიგში მათ უნდა შეისწავლონ, რამდენად იმსახურებენ თვითონ და მათი ე.წ. დამკვირვებლები და შემფასებლები ქართველი ხალხის ნდობას.
არჩევნებზეც და ჩვენი ქვეყნის ორიენტაციაზეც საინტერესო და გადამწყვეტი, არის და იქნება ქართველი ხალხის აზრი და არა მათი რომელიმე ორგანიზაციისა. და თუ ბევრს ილაპარაკებენ, ამ ყველაფრის გამო შეიძლება იმ დასკვნამდეც მივიდეთ, რომ არჩევნებთან ერთად მოვითხოვოთ რეფერენდუმი ევროინტეგრაციასა და ნატოზე, რომელიც მათ ნათლად დაანახებს ქართველი ხალხის აზრს. ეს აზრი კი დღეს მათივე დამსახურებით, სამწუხაროდ აღარაა ისეთი, როგორიც 15-20 წლის წინ იყო, როდესაც ევროპულ ღირებულებებს საქართველოში მხოლოდ თეორიულად იცნობდნენ და ბრმად სჯეროდათ მათი.
„ევროპა გვინდა“, არ ნიშნავს იმას, რომ წითელი კრემლის ნაცვლად ლურჯი ან ცისფერი კრემლი გვინდა. „ევროპა გვინდა“ ნიშნავს, რომ გვინდა დეკლარირებული ევროპული ღირებულებები და არა დიქტატი ან სხვა, კიდევ უარესი. ჩვენ ვართ ის ხალხი, რომლებსაც არ მოგვწონდა წითელი კრემლი და ამის გამო საბჭოთა გულაგებიც კი გამოვიარეთ. ჩვენ ვერ მივიღებთ და ვერც გუნდრუკს ვუკმევთ ახალი კრემლების დიქტატს ლამაზი სიტყვით, „რეკომენდაციების“ შესრულების მოთხოვნით შეფუთულს. ვერ შევეგუებით სისხლით მოპოვებული სუვერენიტეტის ნაცვლად მათ ვასალობასა და გაუკუღმართებული ცხოვრების წესის დამკვიდრებას. დასავლეთმა აღარ უნდა გაგვიხადოს სუვერენიტეტი და დემოკრატია თავიდან საბრძოლველი. არ უნდა გვიფინანსოს გადატრიალებები, არ უნდა გვაიძულოს მეორე ფრონტის გახსნა და არ უნდა მოგვთხოვოს ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებების მიღება. თუ დასავლეთმა თავზე წამოჯდომისა და "უფროსი ძმის" პოლიტიკა არ შეცვალა, მაშინ ქართველი ხალხი, მათ კრემლსაც ისევე მარტივად დაემშვიდობება, როგორც წინა კრემლს დაემშვიდობა. მტერმაც და მოყვარემაც უნდა იცოდეს, რომ ჩვენი ხალხის მისწრაფება, სუვერენული და დემოკრატიული საქართველოა და არა რომელიმე ფერის კრემლის დიქტატი“, - წერს კაკაბაძე.