2-04-2024
„მე მგონი, გადაღლას ვატყობ მათ რიგებში და ძალიან ახლოს არიან ისტერიულ და ხმამაღალ აღიარებასთან: არა - თქვენს მამულს, ენას და სარწმუნოებას! არა - თქვენს ღმერთს, სამშობლოს და ადამიანს,“ - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და ამით იმ ძალებს მიმართავს, რომლებიც უსაფრთდებიან ხელისუფლებას, კბენენ ქვეყანას და ცდილობენ თავს მოახვიონ ერს თავისი მახინჯი ღირებულებები.
„მსგავს თემატიკაზე არაერთი ანდაზა თუ გამონათქვამი არსებობს: ნუ ჭრი ტოტს, რომელზეც ზიხარ; ნუ იფურთხები ჭაში, საიდანაც წყალს სვამ; ნუ კბენ შენს მკვებავ მარჯვენას; ნუ კლავ ოქროს კვერცხების მდებ ქათამს და ა.შ. დღეს სამხრეთ კავკასიაში საქართველო ჯერ კიდევ რჩება დასავლეთისთვის ერთ-ერთ, თუ არა ერთადერთ პარტნიორად, რომელიც ქვეყნის შიგნით მზარდი და ობიექტური უკმაყოფილების მიუხედავად, მყარად იცავს ევროინტეგრაციის მიმართ თავისი საკონსტიტუციო ჩანაწერის სულისკვეთებას. თუმცა, დღე არ გადის არ გეუფლებოდეს შეგრძნება, რომ სწორედ ეს დასავლური ძალები ხერხავენ სამხრეთ კავკასიის იმ ტოტს, რომელზეც სხედან; სისტემატურად იფურთხებიან მის ჭაში; კბენენ საქართველოს და მის კისერთან დაკვლის სურვილით, დანით არიან ჩასაფრებულნი. გარდა ამისა, მზად არიან „ნეო-ინკვიზიციის" კოცონზე დაწვან ჩვენი კონსტიტუციაც, თავისი „ევრო-ჩანაწერით", ჩვენი სახარებაც, რომელშიც სათავისოდ დიდ და გადაულახავ საშიშროებას ხედავენ, და რა თქმა უნდა, ქვეყნის „არატრანსგენდერული" მოსახლეობაც. ამ დროს კი, თითქოსდა პოპკორნით ხელში აკვირდები მათ ამ ძალისხმევას და ყოველდღიურად რამე ახალ ანტიქართულ გამოვლინებას ელოდები და უკვე ნამდვილად აღარ გეჩვენება (მართლაც ხომ იდიოტები არა ვართ) და უბრალოდ გაინტერესებს, სადამდე არიან მზად იმ მიზნის მისაღწევად, რასაც საქართველო - ქართველების გარეშე, საქართველო - სუვერენიტეტის გარეშე, საქართველო - სარწმუნოების გარეშე ჰქვია. ერთადერთი, არ აძლევ მათ ნაადრევი სიხარულის შესაძლებლობას. ელოდები, რომ ბოლომდე თავად გააჟღერონ შენთან მიმართებით არსებული საკუთარი მიზნები.
მე მგონი, გადაღლას ვატყობ მათ რიგებში და ძალიან ახლოს არიან ისტერიულ და ხმამაღალ აღიარებასთან: არა - თქვენს მამულს, ენას და სარწმუნოებას! არა - თქვენს ღმერთს, სამშობლოს და ადამიანს! მანამდე კი, სანამ ამ განწირულ ყვირილს მათგან არ მოვისმენთ, დიახ, დათქმებსაც გავითვალისწინებთ და რეკომენდაციებსაც. დიახ, გავაგრძელებთ ევროინტეგრაციის გზაზე წინსვლას და დიახ, დავრჩებით საიმედო პარტნიორად. ოღონდ! ღირსების, სუვერენიტეტის, მამულის, ენის, სარწმუნოების, ღმერთისა და ადამიანის ინტერესების თქვენს ინტერესებზე მაღლა დაყენების ხარჯზე. აბა ვნახოთ, შეძლებთ თუ არა ჩვენი ღმერთის და მისი ერთგული მრევლის დამარცხებას, თუ ჩვენი დახმარებით მის წინაშე დამარცხდებით თქვენ,“ - წერს დავით ქართველიშვილი.