3-04-2024
„საქართველოს ეკონომიკის გლობალური კონკურენტურიანობისა და საქართველოს სამეცნიერო პოტენციალის მაქსიმალური გამოყენების მიზნით განვსაზღვრეთ ქვეყნის 3 ძირითადი ტექნოლოგიური მიმართულება: ხელოვნური ინტელექტი, ბაქტერიოფაგები და აგროტექნოლოგიები. სამივე მიმართულებით მოხდება მნიშვნელოვანი სამეცნიერო, ინტელექტუალური და ინფრასტრუქტურული რესურსების მობილიზება. აღნიშნული მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქართული ეკონომიკის გლობალური კონკურენტუნარიანობის ზრდას," - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა „მინისტრის საათის" ფორმატში პარლამენტარების წინაშე სიტყვით გამოსვლისას. ლევან დავითაშვილის თქმით, 2024 წელს კვლავ გაგრძელდება ქვეყანაში ინოვაციების და ტექნოლოგიების განვითარების ხელშემწყობი პროექტების და პროგრამების განხორციელება.
„უახლოეს პერიოდში პარლამენტში წარმოვადგენთ კანონპროექტს, სადაც ქართული კომპანიებისთვის განისაზღვრება ახალი სტატუსები და შემუშავდება მნიშვნელოვანი მხარდამჭერი მექანიზმები", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. მისი თქმით, ეს სტატუსებია: „ინოვაციური სტარტაპი", „ინოვაციური მცირე და საშუალო საწარმო" და „ექსკლუზიურად კვლევის და განვითარების (R&D) კომპანია".
ლევამნ დავითაშვილის თქმით, „ინოვაციური სტარტაპის" სტატუსის მქონე კომპანიებს 3 წლის განმავლობაში გაუნულდებათ საშემოსავლო და მოგების გადასახადები. რაც შეეხება ინოვაციურ მცირე და საშუალო საწარმოებს, მათ შესაძლებლობა ექნებათ, თავიანთი R&D დანახარჯები ჩაითვალონ ხუთმაგი ოდენობით და შეიმცირონ მოგების გადასახადი. ამასთან ერთად, ამ სტატუსის კომპანიებს შეეძლებათ R&D დანახარჯების 30%-მდე გრანტის სახით დაიბრუნონ. რაც შეეხება მესამე სტატუსს, აღნიშნული კომპანიები გათანაბრდებიან საერთაშორისო კომპანიების სტატუსთან და ისარგებლებენ 5% საშემოსავლო და მოგების გადასახადებით.
ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ, რომელსაც დაარსებიდან 10 წელი შეუსრულდა, თანადაფინანსების საგრანტო პროგრამის ფარგლებში დააფინანსა 239 სტარტაპი - ჯამში 38 მლნ ლარის ოდენობით, ხოლო შედეგად სტარტაპებმა დააგენერირეს 500 მლნ ლარის ოდენობის კერძო ფინანსური სარგებელი. მინისტრის ინფორმაციით, 2024 წელს დაფინანსდება 40 ახალი სტარტაპი 150 000 ლარიანი გრანტით. ამასთან, სტარტაპების შემდგომი ხელშეწყობის მიზნით, წელსვე შემუშავდება სრულიად ახალი, სრულმასშტაბიანი ინკუბაციის პროგრამა, რომელიც 2025 წლიდან, ყოველწლიურად მოამზადებს და დააფინანსებს 160-მდე სტარტაპს.
ლევან დავითაშვილმა ასევე გაამახვილა ყურადღება საქართველოში ტექნოპარკების ქსელის გაფართოებაზე, სადაც აქტიურად გაგრძელდება ყველა ტექნოპარკში ინოვაციური და ტექნოლოგიური მეწარმეობის განვითარებისა და განათლების ხელშემწყობი პროექტების განხორციელება. მისი თქმით, 2024 წელს დაგეგმილია სენაკის და ქუთაისის ტექნოპარკების გახსნა, ასევე გაგრძელდება რეგიონული საგრანტო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც წელს 40-მდე სტარტაპი 25 000 ლარიანი გრანტით დაფინანსდება.