8-04-2024
„კანონპროექტი არის თავიდან ბოლომდე გამართული, ერთადერთი, რასაც ითვალისწინებს ეს კანონპროექტი არის წლიური დეკლარირება იმ ფინანსებისა, რომელიც აქვთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, შესაბამის მედიასაშუალებებს და გვიმტკიცებენ, რომ გამჭვირვალობა არის რუსული, გაუმჭვირვალობა არის ევროპული. შარშან მოახერხეს და საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი შეიყვანეს შეცდომაში, თავდაყირა დააყენეს ღირებულებები, თუმცა მეორედ ამას დარწმუნებული ვარ, ვეღარ შეძლებენ” - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, დემოკრატიულ საზოგადოებაში გამჭვირვალობას არ აქვს ალტერნატივა.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" - ამ კანონის ხელახლა ინიცირებასთან დაკავშირებით მე პირადად ჩემი პოზიცია უკვე დავაფიქსირე, ამიტომ დეტალურად არ ვისაუბრებ ამ საკითხზე. ზოგადად ვიტყვით, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში, დემოკრატიულ საზოგადოებრივ წესწყობილებაში, გამჭვირვალობას არ აქვს, ბუნებრივია, ალტერნატივა. აკვირდებით დებატებს, ვერავინ ასაბუთებს, თუ რატომ შეიძლება იყოს გამჭვირვალობა ცუდი. გუშინ მოვისმინეთ ერთ– ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის აღიარებითი ჩვენება, მან განაცხადა, რომ არ უნდა შევიდეთ შინაარსშიო, შინაარსი არის ხელისუფლების ველიო. ანუ, უშინაარსობა არის ჩვენი ოპონენტების ველი და შინაარსი არის ხელისუფლების ველი, ამაზე უკეთეს აღიარებას, რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ ვინატრებდით. ნამდვილად ასეა, შინაარსში არის ეს ყველაფერი გამართული, კანონპროექტი არის თავიდან ბოლომდე გამართული, ერთადერთი, რასაც ითვალისწინებს ეს კანონპროექტი არის წლიური დეკლარირება იმ ფინანსებისა, რომელიც აქვთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, შესაბამის მედიასაშუალებებს და გვიმტკიცებენ, რომ გამჭვირვალობა არის რუსული, გაუმჭვირვალობა არის ევროპული. შარშან მოახერხეს და საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი შეიყვანეს შეცდომაში, თავდაყირა დააყენეს ღირებულებები, თუმცა მეორედ ამას დარწმუნებული ვარ, ვეღარ შეძლებენ,"- აღნიშნა პრემიერმა.