10-04-2024
ვაზიანის ახალი აეროპორტის პროექტს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ საქართველოს მთავრობისთვის ისტორიული უწოდა.
მარიამ ქვრივიშვილის თქმით, პროექტში ჩართულია ყველა სამთავრობო უწყება, რათა აეროპორტი დადგენილ ვადებში ამოქმედდეს.
მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, მიმდინარეობა მუშაობა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ვაზიანის აეროპორტამდე მისასვლელი ახალი გზის პროექტთან დაკავშირებით. მისი თქმით, ვაზიანის აეროპორტი, არსებული გეგმა - გრაფიკით, დედაქალაქიდან დაშორებული იქნება 11,5 კმ-ით.
„მნიშვნელოვანია, რომ მთავრობას ჰქონდეს თანმიმდევრული პოლიტიკა. 2026 წელს, როდესაც ვაზიანის პროექტის ფარგლებში ტექნიკური სამუშაოები დასრულდება, გულწრფელი ვიქნები და ვიტყვი, რომ ეს კავშირში არ იქნება თბილისის არსებული აეროპორტის ოპერატორის კონტრაქტის ამოწურვაზე. 2026 წელი არის ის აჩქარებულად გონივრული ვადა, რომელიც შესაძლებელია ნებისმიერმა მთავრობამ გამოიყენოს, რათა დაასრულოს მუშაობა გენერალური განვითარების გეგმაზე, არქიტექტურა - დიზაინზე, გზშ-ზე და სხვა მნიშვნელოვან დოკუმენტაციაზე, რომელიც წინ უნდა უსწრებდეს სამშენებლო სამუშაოებს," - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
„ვაზიანის პროექტს, გარდა იმისა, რომ უდიდესი მნიშვნელობა ექნება ჩვენი ქვეყნის ავიაციისა და ტურიზმის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებაში. უდიდესი ეკონომიკური ეფექტი ექნება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ზრდაზე - წლიურად საშუალოდ 350 მლნ ლარის დამატებითი კონტრიბუცია მოხდება ქვეყნის ეკონომიკაში, რაც მას ყოველწლიურად 0,2 პროცენტული პუნქტით გაზრდის," - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.