17-04-2024
2020 და 2022 წლებში ენჯეოებს ჰქონდათ საქართველოში რევოლუციის მოწყობის მცდელობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გაყალბდა ე.წ. პივიტი პარალელური ხმის დათვლის შედეგები, რამაც შექმნა საბაბი რადიკალური ოპოზიციისთვის, რომ მათ დაეწყოთ საბოტაჟი.
„კიდევ ერთხელ მინდა, შეგახსენოთ ის მანკიერებები, რაც ჩვენ გვაწუხებდა და კიდევ გვაწუხებს, საუბარია ენჯეოების საქმიანობაზე.
პირველ რიგში ღიად რომ ვისაუბროთ, 2020 და 2022 წლებში ენჯეოებს ჰქონდათ საქართველოში რევოლუციის მოწყობის მცდელობა. ყველას გახსოვთ საქართველოში რა მოხდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. როგორც გაყალბდა ე.წ. პივიტი პარალელური ხმის დათვლის შედეგები, როგორც დაჭირდათ ხუთი კვირა ამის აღიარებისთვის, ასევე როგორ გაავრცელეს ყალბი ინფორმაცია ე.წ. ზედმეტობებთან დაკავშირებით, იმასთან დაკავშირებით, თითქოს ცესკო-მ დაგვიანებით გამოაქვეყნა არჩევნების შედეგები. ამ ყველაფრის საფუძველზე მათ გამოაქვეყნეს ყალბი დასკვნა იმის შესახებ, თითქოს ეს არჩევნები იყო ყველაზე ცუდი ისტორიაში - ეს არის მათი დასკვნიდან ციტატა. ამან შექმნა საბაბი რადიკალური ოპოზიციისთვის, რომ მათ დაეწყოთ საბოტაჟი, არ შემოსულიყვნენ პარლამენტში და საბოლოო ჯამში სწორედ ამ ენჯეოების ყალბმა დასკვნამ მოამზადა საფუძველი იმისთვის, რომ ჩვენ ხელი მოგვეწერა ანტიკონსტიტუციურ, კაბალურ პოლიტიკურ შეთანხმებაზე, რის საფუძველზეც დავთანხმდით ე.წ. 43-პროცენტიან ბარიერს. ყველას კარგად გვესმის, ჩვენ რომ ვერ აგვეღო 43 პროცენტი მუნიციპალურ არჩევნებში, ამ შემთხვევაში ჩატარდებოდა რიგგარეშე არჩევნები, რაც იყო მთელი ამ პროცესის მიზანი შესაბამისად, მიზანი იყო ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების შეცვლა, რაც საბედნიეროდ ვერ მოხდა. ეს იყო პირველი რევოლუციური მცდელობა.
რაც შეეხება მეორე მცდელობას, თქვენ გახსოვთ როგორ განვითარდა პროცესები 2022 წლის ივნისში, მაშინე ს ენჯეოები, რომლებიც შესაბამისი წყაროებიდან იღებდნენ დაფინანსებას, პირდაპირ ავიდნენ სცენაზე, მოითხოვეს მთავრობის გადადგომა და საკუთარი მონაწილეობით მოითხოვეს ტექნიკური მთავრობის შექმნა. ეს იყო პირდაპირი ჩართვა რევოლუციური პროცესში, პირდაპირი შესვლა პოლიტიკაში, რაც წესით ენჯეოემ არ უნდა გააკეთოს, მაგრამ ისინი წავიდნენ თვითლუსტრაციაზე, გამომდინარე იქიდან, რომ ჰქონდათ წარმატების იმედი, ანუ ვაბანკზე წავიდნენ ისინი და ამ ფორმით ჩაერთვნენ რევოლუციურ პროცესებში - აქ მინდა, მკაფიოდ ვთქვა ერთი რამ, მაშინ რომ ემოქმედა კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ, მგონია, რომ ენჯეოები ამ ყველაფერს ვერ გაბედავდნენ და დონორების რეპუტაციას უფრო მეტად გაუფრთხილდებოდნენ, თუმცა მაშინ არ მოქმედებდა კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ", შესაბამისად, ჩვენი სუვერენიტეტი ისე მყარად არ იყო დაცული. პირველი რაც გვაწუხებდა, ეს იყო რევოლუციის მცდელობები", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, ენჯეოები აქტიურად ცდილობენ, თავს დაესხან მართლმადიდებელ ეკლესიას და შელახონ რეპუტაცია.
„ამ მცდელობებს ვხედავთ ჩვენ მთელი ამ წლების განმავლობაში. აქაც დარწმუნებული ვარ, რომ ყოფილიყო კანონი „უცხოური გამჭვირვალობის შესახებ", მეტი პასუხისმგებლობა ექნებოდათ ენჯეოებს საკუთარი დონორების წინაშე და ასეთ უხერხულ მდგომარეობაში არ ჩააგდებდნენ დონორ ორგანიზაციებს.
როდესაც ხედავს ქართული საზოგადოება, რომ კონკრეტული დონორის მიერ დაფინანსებული ენჯეო წლების განმავლობაში თავს ესხმის მართლმადიდებელ ეკლესიას, რა წარმოდგენა უნდა შეექმნას საზოგადოებას დონორებთან დაკავშირებით. აქაც სამწუხაროდ, არ იყო გამჭვირვალობის შესახებ კანონი შესაბამისად, კონკრეტული ენჯეოები თავხედურად ესხმოდნენ თავს მართლმადიდებელ ეკლესიას.
შემდეგი საკითხი რაც გვაწუხებდა, მართლმადიდებელ ეკლესიაზე თავდასხმის პარალელურად, კონკრეტული ენჯეოები ღიად უჭერენ მხარს ისეთ აქტივობებს, რომლებიც საქართველოში რელიგიური სარჩულით პოლიტიკურ ინტერვენციას ისახავს მიზნად, მათ შორის კონკრეტული ენჯეოები ისეთ აქტივობებს უჭერდნენ მხარს, რომლებიც მიმართული იყო რელიგიური ექსტრემიზმის წახალისებისკენ საქართველოში.
არ მინდა, დავასახელო ის რელიგიური ექსტრემიზმით გამორჩეული გაერთიანებები, რომელთა ადვოკატიც არის რეგულარულად ერთ-ერთი დასავლური წყაროებიდან დაფინანსებული ორგანიზაცია, აბსოლუტურად გაუგებარია. მე აქაც მგონია, რომ ემოქმედა წლების განმავლოაბში საქართველოში კანონს „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის" შესახებ, ეს კონკრეტული ორგანიზაციები, ერთი ენჯეოა გამორჩეული, ვერ გაბედავდა ასე ღიად სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ წასვლას და დონორებს არ ჩააგდებდა ასეთ უხერხულ მდგომარეობაში.
ენჯეოები სამწუხაროდ, არიან ღიად ჩართული ლგბტ პროპაგანდაში, რომელიც საკმაოდ უხეში ფორმით წარმოებს. საქართველოში ყველას უფლებები უნდა იყოს დაცული. აქ საქმე არ ეხება უფლებების დაცვას, ეს არის პირდაპირი უხეში ლგბტ პროპაგანდა, რაშიც ჩართული არიან კონკრეტული ენჯეოები. აქაც დარწმუნებული ვარ, რომ ყოფილიყო გამჭვირვალე დაფინანსება, აქაც ენჯეოებს გაუჭირდებოდათ ამ პროპაგანდაში ასეთი უხეში ფორმით მონაწილეობა და გაუფრთხილდებოდნენ დონორების რეპუტაციას, მოუწევდათ გაფრთხილებოდნენ, შეიძლება, მათი ინტერესების წინააღმდეგ, მაგრამ მოუწევდათ გაფრთხილებოდნენ სახელმწიფო და საზოგადოების ინტერესებს", - განაცხადა კობახიძემ.