18-04-2024
„დაუძინარი მეგობრების გეგმა ცხადია - საარჩევნოდ მოლაპარაკებების გახსნაზე უარს გვეტყვიან, რომ კოლექტიური ნაცმოძრაობისა და ენჯეოების ხელით, 2020 წლიდან რევოლუციის მოწყობა და ქვეყნის არევა უკვე მესამედ სცადონ“, - ამის შესახებ ნათქვამია „ხალხის ძალის“ განცხადებაში, რომელიც პარტიამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ მიმდინარე მოვლენენებთან დაკავშირებით გაავრცელა.
როგორც ხალხის ძალაში აცხადებენ, თუ საზოგადოებას სიმართლე ეცოდინება და ფხიზლად იქნება, რევოლუციის მესამე მცდელობაც იოლად ჩავარდება.
„საზოგადოება ხედავს, რომ ჩვენი დაუძინებელი მეგობრები უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებით ისევ ხელის გადაწევის პრინციპით მოქმედებას ცდილობენ.
შარშან საბაბად სიტყვა აგენტს მაინც იშველიებდნენ, ახლა კი სათქმელი საერთოდ აღარაფერი აქვთ. ორჯერ ორი ოთხია, რომ დემოკრატიულ სისტემაში თუ ფულის დახარჯვა გინდა, უნდა თქვა კიდეც, ამ ფულს რაში ხარჯავ. დანარჩენში საზოგადოება თვითონ გაერკვევა: ფული ქვეყნის სასიკეთოდ იხარჯება თუ საზიანოდ, უცხოური გავლენა კეთილ მიზნებს ემსახურება თუ ქვეყანაში მანკიერების დამკვიდრებას ცდილობს.
არაერთხელ მოვისმინეთ, რომ ამერიკას 30 წლის მანძილზე საქართველოში 6 მილიარდი აქვს დახარჯული. ამაზე ლაპარაკი ყველაზე მეტად კელი დეგნანს უყვარდა, ახლა კი მისი მესიჯი მოქმედმა ელჩმაც გაიმეორა. თუმცა, არაერთგზის დასმული შეკითხვის მიუხედავად, დღემდე ცოცხალი თავით არ გვეუბნებიან, რაში დახარჯეს ეს ფული.
ვისაც სახელმწიფოს არსი ესმის, იოლად დაგვეთანხმება, რომ არცერთი სახელმწიფო ქველმოქმედებისა და სხვა სახელმწიფოების დახმარებისთვის არ იქმნება. ისიც ყველას კარგად გვესმის, რომ უფასო მხოლოდ ყველია სათაგურში. ნებისმიერი თანხა, რომელსაც სახელმწიფო სესხად თუ გრანტად გასცემს, ორმაგი მოგების მიღებაზე გათვლილი კაპიტალდაბანდებაა. სწორედ აქ არის ძაღლის თავი დამარხული. როგორც კი ფინანსებს გაშიფრავენ, ქართული საზოგადოება ზუსტად გაიგებს, სინამდვილეში, რა მოხმარდა ქვეყნის განვითარებას და რა მოგება ნახა ფულის გამცემმა.
სწორედ ამიტომაა, რომ მათ ჩვენი შეკითხვაც კი აღიზიანებთ. ნუთუ, ეს შეკითხვაც რუსული კანონია? 6 მილიარდი თუ მოახმარე ამ ქვეყანას, რატომ გაურბიხარ საკუთარი ქველმოქმედების წარმოჩენას? როცა ამას აკეთებ, გამოდის, რომ ბევრი რამ გაქვს დასამალი. დასამალი გაქვს პირველ რიგში ის, რომ შენს მიერ გაცემული ე.წ. დახმარება, სინამდვილეში, არა საქართველოს განვითარებას, არამედ ქვეყანაში აგენტურის დამკვიდრებასა და გაძლიერებას ემსახურებოდა. ამ ე.წ. დახმარების შედეგად, მივიღეთ ომი, ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაცია, 400-ზე მეტი დაღუპული და 30 ათასი დევნილი ქართველი. კრედიტებს, რომლებიც 2008-11 წლებში სააკაშვილის რეჟიმის წაქეზებასა და გადარჩენას მოხმარდა, ქართველი ხალხი დღემდე იხდის.
გასაგებია, რომ 30 წლის მანძილზე დახარჯული თანხების გაშიფვრა არ გინდა, მაგრამ დღეს რას ხარჯავ, ის მაინც გააგებინე ქართულ საზოგადოებას. იქნებ, ამ თანხების უდიდესი ნაწილი რევოლუციურ სცენარებს და ხელისუფლებაში აგენტურის დაბრუნებას, სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტებას, მართლმადიდებელი ეკლესიის რეპუტაციის შელახვას, ლგბტ-პროპაგანდას, რელიგიური სარჩულით პოლიტიკური ინტერვენციის ხელშეწყობას, რელიგიური ექსტრემიზმის მხარდაჭერას, სტრატეგიული ეკონომიკური პროექტების დაბლოკვას, რადიკალიზაციისა და ე.წ. პოლარიზაციის გაღვივებას ხმარდება? ეს რომ ქართულმა საზოგადოებამ გაიგოს, იქნებ, საერთოდ უარი თქვას ამ ე.წ. დახმარებაზე?
გარდა ამისა, ენჯეოებზე გაცემული გრანტებით მთელი ეს წლები ისე არყიეს ჩვენი ქვეყანა და შესაბამისად, მისი ეკონომიკა, რომ მათ გარეშე, ბუნებრივია, საქართველო დღეს ეკონომიკურად ბევრად უფრო წინ იქნებოდა. ამ გრანტების მოცულობა გრანტებით გამოწვეული ეკონომიკური ზიანის მოცულობას რომ შევადაროთ, დარწმუნებული ვართ, მინიმუმ ათმაგ სხვაობას მივიღებთ. ენჯეოებზე დახარჯული თითოეული 100 მილიონი დოლარი ქვეყნის ეკონომიკისთვის დაკარგულ მინიმუმ მილიარდ დოლარს ნიშნავს. რომ არა ეს გრანტები, ერთი „ენჯეოშნიკის“ სამუშაო ადგილის ნაცვლად, ქვეყანა 10 ჯანსაღ სამუშაო ადგილს შექმნიდა. ასეთ პირობებში, ენჯეოების დაფინანსების დახმარებად გასაღება ცინიზმია და მეტი არაფერი.
მართალია, „ქართულ ოცნებაში“ ჩვენი მეგობრები არიან, მაგრამ სიმართლე უნდა ითქვას: ვიდრე ჩვენ არ მივიღეთ პრინციპული გადაწყვეტილება ქართული საზოგადოებისთვის მეტი სიმართლის თქმის შესახებ, ისინი სწორ აქცენტებს არ აკეთებდნენ, რასაც ქვეყანა უმძიმეს შედეგებამდე შეიძლებოდა მიეყვანა.
ჩვენმა ქვეყანამ ამ სამ წელიწადში უამრავი სირთულე დაძლია, მაგრამ საქმე ბოლომდეა მისაყვანი. როგორც რამდენიმე თვის წინ დავწერეთ, დაუძინარი მეგობრების გეგმა ცხადია - საარჩევნოდ მოლაპარაკებების გახსნაზე უარს გვეტყვიან, რომ კოლექტიური ნაცმოძრაობისა და ენჯეოების ხელით, 2020 წლიდან რევოლუციის მოწყობა და ქვეყნის არევა უკვე მესამედ სცადონ. თუ საზოგადოებას სიმართლე ეცოდინება და ფხიზლად იქნება, დარწმუნებული ვართ, რომ რევოლუციის მესამე მცდელობაც იოლად ჩავარდება.
ევროკავშირის ნომინალური ეკონომიკა 2008 წელს 16.3 ტრილიონი დოლარი იყო, 2024 წლის ბოლოსთვის კი მხოლოდ 17.3 ტრილიონი იქნება. ამასობაში, ამერიკის ნომინალური ეკონომიკა 14.8 ტრილიონიდან 28 ტრილიონ დოლარამდე იზრდება. ვინც ეკონომიკაში ზედაპირულად მაინც ერკვევა, კარგად მიხვდება, თუ რას ნიშნავს 16-წლიანი ეკონომიკური სტაგნაცია ევროკავშირისთვის.
ამ მასშტაბის კრიზისის შექმნაში უმნიშვნელოვანესი როლი ევროპაში მომხდარმა სამმა ომმა - 2008 წლის რუსეთ-საქართველოს, 2014 წლის რუსეთ-უკრაინისა და მიმდინარე რუსეთ-უკრაინის ომებმა შეასრულა. უკრაინის ამჟამინდელი ომის მთავარი დაზარალებული, თავად უკრაინის შემდეგ, ევროპაა. ევროპულ აგენტოკრატიას კი საკუთარ ხალხზე სადარდებლად არ სცალია, რადგან დავალებული აქვს, უკრაინის ომი ბოლო უკრაინელამდე (როგორც ამას დასავლელი პოლიტიკოსების პრაგმატული ნაწილი ხშირად ამბობს ხოლმე) და ბოლო ევროპულ საწარმომდე გააგრძელოს.
სიტყვამ მოიტანა და ყველა ვხედავთ, როგორ იქცევა უკრაინის ხელისუფლება. იმ საბაბით, რომ სანქციებს არ შევუერთდით და უკრაინაში მებრძოლი მოხალისეები არ გავგზავნეთ, ანუ საკუთარი ეკონომიკა არ დავაქციეთ და ომში არ ჩავერთეთ, ზელენსკიმ 2022 წელს საქართველოდან ელჩი გაიწვია. შარშან, იმავე ზელენსკიმ უკრაინიდან გააძევა ჩვენი ელჩი იმ სამარცხვინო საბაბით, რომ, თითქოს, პუტინი საქართველოს ხელისუფლების ხელით კლავდა სააკაშვილს. ამ ყველაფერს წინ უძღოდა არაჟნის კონტეინერით საქართველოში სააკაშვილის გამოგზავნა. უმძიმესი ქართველი კრიმინალები დღემდე იკავებენ მაღალ თანამდებობებს უკრაინის ხელისუფლებაში. ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, რომ საქართველო ყველა შესაბამის საერთაშორისო პლატფორმაზე მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, გმობს რუსეთის სამხედრო აგრესიას, უკრაინას უწევს ფართო ჰუმანიტარულ დახმარებას.
საინტერესოა, რატომ აკეთებს ამ ყველაფერს უკრაინის ხელისუფლება. იმ მიზნით ხომ არა, რაც უკრაინელმა მაღალჩინოსნებმა არაერთგზის ღიად თქვეს? იმიტომ ხომ არ გვებრძვიან, რომ დანილოვისა და პოდოლიაკის მოწოდებების მიუხედავად, მეორე ფრონტი არ გავხსენით? ისიც ყველას კარგად გვესმის, რომ ზელენსკის დამოუკიდებლობის ხარისხი ზუსტად ისეთივე დაბალია, როგორიც სააკაშვილის იყო 2008 წელს. ეს ყველაფერი გვაიძულებს ვიფიქრობთ, რომ უკრაინის ხელისუფლება ჩვენს დაშანტაჟებას არა საკუთარი ინიციატივით, არამედ იმავე პატრონების კარნახით ცდილობს, რომლებიც სააკაშვილს 2008 წლის ომის დაწყებისას პატრონობდნენ და რომლებიც ახლა უკვე ევროპასაც ფართოდ დაეპატრონენ.
ბუნებრივია, ევროპა უკეთ შეძლებდა თავის დაცვას, ევროპული ბიუროკრატია თვისებრივად გარედან რომ არ იმართებოდეს. ვხედავთ, რომ ევროპულ სტრუქტურებს რასაც უნდათ, იმას აკეთებინებენ. 2021 წლიდან ევროკავშირის სამივე მთავარი სტრუქტურა ჩართეს საქართველოზე თავდასხმაში. ევროპარლამენტს მიაღებინეს 3 რეზოლუცია, რომლებითაც უმძიმესი დამნაშავეების გათავისუფლება და ბიძინა ივანიშვილის დასჯა მოათხოვინეს. ევროკომისიასა და ევროპულ საბჭოს 2022 წლის ივნისში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე ათქმევინეს უარი. მანამდე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ჩამოიყვანეს საქართველოში და მისი ხელით, საქართველოს კონსტიტუციის 19 აპრილის შეთანხმებით ჩანაცვლება მოინდომეს. ამ ყველაფრის ერთადერთი მიზანი „ქართული ოცნების“ დანგრევა და ხელისუფლებაში კოლექტიური ნაცმოძრაობის, ანუ აგენტურის დაბრუნება იყო.
სადაც ევროპული აგენტოკრატიის ჩარევა არ იყო საკმარისი, საქმეში უშუალოდ ამერიკული აგენტურა ერთვებოდა. სწორედ მათ დაუწესეს ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე სანქციები ყოფილ და მოქმედ ქართველ მოსამართლეებს და ყოფილ მთავარ პროკურორს. როდესაც მტკიცებულებების გარეშე შენი მოქალაქის სანქცირებას უშვებ, გამოდის, რომ სახელმწიფო არ ხარ. სწორედ ეს იყო სანქციების მთავარი მიზანიც: ხელისუფლება თუ გატყდებოდა, სახელმწიფოც იოლად ჩამოიშლებოდა. კარგია, რომ ამ შემთხვევაში ხელისუფლებამ პრინციპულობა აჩვენა და სახელმწიფოს ჩამოშლა არ დაუშვა.
კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ ვიდრე ჩვენ არ მივიღეთ პრინციპული გადაწყვეტილება ქართული საზოგადოებისთვის მეტი სიმართლის თქმის შესახებ, ხელისუფლება სწორ აქცენტებს არ აკეთებდა. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ჩვენს საფუძვლიან მოლოდინსაც: საარჩევნოდ მოლაპარაკებების გახსნაზე უარს გვეტყვიან, რომ კოლექტიური ნაცმოძრაობისა და ენჯეოების ხელით, რევოლუციის მოწყობა და ქვეყნის არევა მესამედაც სცადონ. თუმცა, თუ საზოგადოებას სიმართლე ეცოდინება, საქართველო საკუთარ სუვერენიტეტს აუცილებლად დაიცავს და ქვეყანა მშვიდობისა და სიმშვიდის შენარჩუნებას შეძლებს“, - ნათქვამია განცხადებაში.