გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ქართველიშვილი ოპოზიციას: აბა მიდით, დღეს, თანამედროვე იუდებს ჯიბიდან ამოაღებინეთ ღალატით ნაშოვნი, სამშობლოს გასაყიდად ჩარიცხული იმ 30 ვერცხლის ეკვივალენტი ლარებში, რუბლებში, ევროსა თუ დოლარებში

21-04-2024

საქართველოში შექმნილ ვითარებას ბიბლიურ თქმულებებს ადარებს ვრცელ პოსტში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და სოციალურ ქსელში სწორედ ამ პარალელებზე წერს. განსაკუთრებულ აქცენტს ის ღალატზე აკეთებს და აცხადებს, რომ რადიკალების ფონზე იუდა ისკარიოტელი უფრო ღირსეულად გამოიყურება.


„დაწყებული 1989 წლიდან, არცერთ დიდ მარხვას არ ჩაუვლია საქართველოს უახლოეს ისტორიაში უდიდესი განსაცდელის გადალახვის გარეშე. გამონაკლისი არც შარშანდელი იყო, თავისი სახელმწიფო გადატრიალების „გენერალურ რეპეტიციად“ ქცეული აქციებით, გამონაკლისს არც წლევანდელი წარმოადგენს.


მაგრამ მათ ყველას აერთიანებს ერთი რამ: ფინალში სატანა აუცილებლად მარცხდება, კაცობრიობის სანუგეშოდ გადმოდის ღვთაებრივი ცეცხლი და სიკვდილითა სიკვდილის დამთრგუნველი მაცხოვარი კვლავ ანუგეშებს თავის ერთგულ მომხრეებს მრავალსაუკუნოვანი შეძახილით − ქრისტე აღდგა!

მანამდე კი, გვიახლოვდება იუდა ისკარიოტელის მიერ მაცხოვრის გაცემის დღე − ვნების ოთხშაბათი. ამ დღეს განსაკუთრებით ერთ ღირსეულ ქართველ ადამიანს ხშირად საყვედურობენ − რამ ამოგაყვანინა წუმპიდან ეს უამრავი პერსონაჟი, რამ მიგაცემინა მათთვის „ადამიანის“ იერსახე, რომლებმაც თუნდაც ფინალური, დასამშვიდებელი ამბორისყოფის გარეშე გიღალატეს პირადად შენ და დღემდე ღალატობენ დიდი სიამოვნებით მათთვის ამ უცხო სხეულად ქცეულ „სამშობლოს“.


უფალმაც ყველას მისცა შანსი, საკუთარ თავში ღმერთის ხატი და მსგავსება აღმოეჩინა, ადამიანური იერსახე დაებრუნებინა − მან უწიგნური გლეხებისა და მეთევზეთა რიგებიდან ამოირჩია ის პირველი, თორმეტი უერთგულესი. მრავალი დღე გაატარა მათთან ერთად, ასწავლიდა, უყვარდა, ეფერებოდა, სასწაულებით ანებივრებდა, ცხოვრების მაგალითს აძლევდა. შედეგად? სიმონ-პეტრემ სამგზის უარყო, ღვთისმშობლის ხორციელმა დეიდაშვილმა ნეპოტიზმის უფლებით შეეცადა რომ ესარგებლა − საკუთარი შვილებისთვის, იაკობისა და იოანესთვის, ცათა სასუფეველში უფრო „თბილ“ და „მომგებიან“ ადგილებს რომ სთხოვდა მაცხოვარს.


დანარჩენებიც გაიფანტნენ, გაიქცნენ, მიატოვეს, შეეშინდათ − როდესაც გოლგოთაზე ადიოდა, მათ შორის მათი ცოდვების საკუთარ უცოდველ მხრებზე ასატვირთად. ერთადერთი − იოანე დარჩა მასთან ბოლომდე, რომლის მზრუნველობას თავისი საყვარელი დედა ჩააბარა და გარკვეულწილად ამ ერთგულებისთვის დააჯილდოვა კიდეც − ათორმეტთაგან ერთადერთს აარიდა მოწამებრივი აღსასრული, ღრმა მოხუცებულობამდე მიიყვანა და პატმოსის კუნძულზე სწორედ მას ჩააბარა „ბოლო ჟამის“ საიდუმლო.


ხოლო ყველაზე სანდო მათ შორის იუდა იყო ისკარიოტელი, რომელსაც შემოწირულების ყუთი ჩააბარა, მაგრამ ფულთან სიახლოვემ მის სულში და გულში სატანას გაუღო კარი, რომელმაც მასში სიყვარული კი დაამარცხა, მაგრამ დღევანდელი „იუდებისაგან“ განსხვავებით, სინდის/ნამუსი მაინც ვერ მოკლა ბოლომდე: ღალატის ფული დააბრუნებინა ღალატის დამკვეთებისთვის. და თუნდაც უპატიებელ ცოდვამდე − თვითმკვლელობამდე მივიდა, მაგრამ ესეც ჩადენილი ღალატის გამო საკუთარი თავისთვის სიკვდილით დასჯის განაჩენის გამოტანის ტოლფასი იყო.


აბა მიდით, დღეს, თანამედროვე იუდებს ჯიბიდან ამოაღებინეთ ღალატით ნაშოვნი, სამშობლოს გასაყიდად ჩარიცხული იმ 30 ვერცხლის ეკვივალენტი ლარებში, რუბლებში, ევროსა თუ დოლარებში. დააბრუნებინებთ კი არა, ამ თანხების გამოაშკარავება და გამჭვირვალობაც კი ისეთ პანიკაში აგდებთ, რომ ამის არდაშვების მიზნით მზად არიან „მოცეკვავე სალომეას“ ახირებითა და ჰეროდეს მორიგი ბრძანებით, ქვეყანას თავი მოკვეთონ და ლარნაკით მიართვან ლუციფერს. იმ ყოფილ სოციალურად დაუცველებს, შერეკილ ფილოსოფოსებს, ცბიერ „უფლებადამცველებს“, ლგბტ-პროპაგანდისტებს, მენშევიკების შთამომავლებს თუ მეორეხარისხოვან ადვოკატებს, უფალი რომ ბრმა ჰგონიათ, აი, იმათ.


უფლის უახლოეს გარემოცვაში ყველაზე განსწავლული სწორედ ის სავლე აღმოჩნდა, რომელიც თავის წარსულ ცხოვრებაში, თანამედროვე ენით რომ ვთქვათ, „ნაცი“ ყოფილა. დღევანდელი გაგებით, „ზონდერების“ წევრი იყო და დევნიდა უფალს და მის მოწაფეებს − მაგრამ მისი შინაგანი ლტოლვა ღვთისადმი იმდენად ძლიერი იყო, რომ ის „გაქოცდა“, პავლედ იქცა, ახლად შობილი ეკლესიის ბურჯად და მისი სწავლების პირველ მწერლად ჩამოყალიბდა და ღმერთის მიმართ ურყევი სიყვარულით გამოირჩეოდა, მის გამო მოწამებრივი გვირგვინიც იტვირთა. მასთან ერთად − ათორმეტთაგანიდან იმ დანარჩენებმაც გამოისყიდეს თავისი ადამიანური სისუსტე − სისუსტე, და არა ღალატი!

 

დღევანდელ მოღალატეებში არა ეს სისუსტე მოქმედებს, არამედ პირიქით − თავის „სიძლიერედ“ აღქმული კლასიკური ღალატი, მიზანმიმართული მავნებლობა და ბანალური ვერცხლისმოყვარეობა. არც თავის მოკვლას აპირებს ვინმე ამის გამო, და არც სინანულს გადააყოლებს ესოდენ „სიმწრით“ ნაშოვნ 30 ვერცხლს. მათ ფონზე იუდა ისკარიოტელი უფრო ღირსეულად გამოიყურება − ამ შედარების რა თქმა უნდა, მხოლოდ პირობითი და მის თანამედროვე შთამომავლებთან პარალელების გავლების გაგებით..." - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930