26-04-2024
„ნაცმოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს, როდესაც საზღვრები საერთოდ არ იყო გახსნილი, იყო ორჯერ უარესი მაჩვენებელი მიგრაციის კუთხით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის მიერ მიგრაციასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მიგრაციის კუთხით უარყოფით სტატისტიკას აქვს თავისი გამომწვევი მიზეზები და მათ შორისაა როგორც ეკონომიკური ჩამორჩენა, ისე გახსნილი საზღვრები ევროკავშირის ქვეყნებთან.
„ჩვენს ქვეყანას აქვს ძალიან ბევრი გამოწვევა და მათ შორის დემოგრაფია არის უმთავრესი. ჩვენ გვაქვს უარყოფითი სტატისტიკა, როგორც შობადობის, ისე მიგრაციის კუთხით, რასაც აქვს თავისი მიზეზები.მიგრაციას არსებითად აქვს ორი მიზეზი, პირველი არის ის, რომ ჯერ კიდევ დიდია ეკონომიკური ჩამორჩენა, ევროპის ქვეყნებთან და მეორე არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა.
მაგალითად გერმანია რომ ავიღოთ, გერმანიასთან ჩვენი ჩამორჩენა ცხოვრების დონის კუთხით არის ჯერ კიდევ სამმაგი. 2012 წელს, ჩამორჩენა იყო ოთხნახევარმაგი ასე ვთქვათ, სწორედ ამიტომ წინა ხელისუფლების პირობებში მიგრაციის მაჩვენებლები იყო ბევრად უფრო მძიმე. ჩვენს პირობებშიც არის ცუდი დემოგრაფიული მონაცემები, მაგრამ კიდევ გავიმეორებ, ამას აქვს ორი მთავარი მიზეზი, ერთი არის ჯერ კიდევ არსებული ჩამორჩენა და მაგალითად მოვიყვანე გერმანია, რომელსაც სამჯერ ჩამოვრჩებით, საბერძნეთს ორჯერ და ა.შ. ასეთ დროს ცდუნება არსებობს რა თქმა უნდა, რომ ადამიანები გავიდნენ ქვეყნიდან და გადავიდნენ სხვა ქვეყანაში და მეორე - საზღვრები არის გახსნილი.ნაცმოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს, როდესაც საზღვრები საერთოდ არ იყო გახსნილი, იყო ორჯერ უარესი მაჩვენებელი მიგრაციის კუთხით. ჩვენ გვაქვს უარყოფითი მაჩვენებლები, მთავარი ამოცანა არის ეკონომიკის განვითარება, თუ ეკონომიკა წინ არ წაიწევს და თუ არ დავუახლოვდებით ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ეკონომიკური კუთხით, რა თქმა უნდა, უარყოფითი მაჩვენებლები შენარჩუნდება. ჩვენ დაგვჭირდება უახლოესი რამდენიმე წელი, რომ რაც შეიძლება მეტად დავუახლოვდეთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.