გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბიზნესმენი გიორგი კაპანაძე: ბევრისთვის გაუგებარია, რატომ შეიძლება იყოს გამჭვირვალეობა რუსული და კამპანიური ცილისწამება ევროპული?!

27-04-2024

„ცალსახა და უდავოა, რომ ევროპა და ევროპული ღირებულებები არის ის, რისკენაც უკვე წლებია მივისწრაფვით. დარწმუნებული ვარ ჩვენი მრავალწლიანი სვლა ამ გზაზე წარმატებით დასრულდება და საქართველო გახდება ევროკავშირის ღირსეული, თანაბარუფლებიანი წევრი თავისი კულტურით, ტრადიციებით და პრინციპებით!“, - ამის შესახებ ბიზნესმენი გიორგი კაპანაძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს ეხმიანება.

როგორც გიორგი კაპანაძე აღნიშნავს, პოლიტიკური რყევების თუ სპეკულაციების მიუხედავად, გარე თუ შიდა გამოწვევების მიუხედავად, ბოლო წლებში ქვეყანამ შეძლო სტაბილურობის და მშვიდობის შენარჩუნება.


ბიზნესმენი ასევე, „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით წერს და აღნიშნავს, რომ გამჭირვალობის საწინააღმდეგო ჭეშმარიტად ევროპულად მოაზროვნე არცერთ ადამიანს, არაფერი ექნება.


„მინდა გამოვეხმაურე ბოლო ხანს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს. ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის და რიგითი ბიზნესმენისთვის სულერთი ნამდვილად არ არის, თუ როგორ ვითარდება საქართველო. ცალსახა და უდავოა, რომ ევროპა და ევროპული ღირებულებები არის ის, რისკენაც უკვე წლებია მივისწრაფვით. დარწმუნებული ვარ ჩვენი მრავალწლიანი სვლა ამ გზაზე წარმატებით დასრულდება და საქართველო გახდება ევროკავშირის ღირსეული, თანაბარუფლებიანი წევრი თავისი კულტურით, ტრადიციებით და პრინციპებით! ამ მიზნის მისაღწევად უმნიშვნელოვანესია მშვიდობა!


საბედნიეროდ, ბევრი პოლიტიკური რყევების თუ სპეკულაციების მიუხედავად, გარე თუ შიდა გამოწვევების მიუხედავად, ბოლო წლებში ქვეყანამ შეძლო სტაბილურობის და მშვიდობის შენარჩუნება, მივიღეთ ევროპასთან უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა, კანდიდატი ქვეყნის სტატუსი და იმედი მაქვს, მალე მოლაპარაკებების კარიც გაიღება. როგორც თითოეული მოქალაქისთვის, ისე ბიზნესისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მშვიდობიანი და სტაბილური გარემო, რაც პირდაპირ პროპორციულია საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობასთან! რაც შეეხება სადავო კანონს, მე როგორც ბიზნესმენი არაერთხელ გავმხდარვარ ბინძური ცილისწამების და დაკვეთილი დეზინფორმაციის სამიზნე. სამწუხაროდ, ამ ცილისწამებების ავანგარდში იდგნენ ადამიანები, რომლებიც, ვითომდა კეთილშობილური მიზნებით, ახლა გვარწმუნებენ, რომ ქვეყანა რუსეთისკენ იხრის კურსს.


არადა, სწორედ რუსული პროპაგანდის სტილით ხდებოდა პირადად ჩემზე გაუგონარი ტყუილების გავრცელება, და დიახ, სწორედ ეს არის რუსული! ამ მიზანმიმართული სიცრუის კამპანიებს, რომლის მსხვერპლი არაერთი ადამიანი გახდა, საერთო არაფერი აქვს ევროპულობასთან! ბევრი ადამიანისთვის გაუგებარია, რატომ შეიძლება იყოს გამჭვირვალობა რუსული და კამპანიური ცილისწამება ევროპული?! მე არ ვაპირებ კანონის ნიუანსებში შესვლას, თუმცა ვფიქრობ გამჭვირვალობის საწინააღმდეგო ჭეშმარიტად ევროპულად მოაზროვნე არცერთ ადამიანს, არაფერი ექნება. სხვა დეტალები პოლიტიკოსებმა არა ქაოსის, არეულობით მუქარის და შანტაჟის ფონზე, არამედ მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა განიხილონ! მე, როგორც ბიზნესმენი, რომელიც ვქმნი უამრავ სამუშაო ადგილს ქვეყანაში, დარწმუნებული ვარ, ალტერნატივა არ აქვს ევროპას! მშვიდობას! ღიაობას და გამჭვირვალობას!“, - წერს გიორგი კაპანაძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930