გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 0.25 პროცენტული პუნქტით, 8.0%-მდე ამცირებს

22-05-2024

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2024 წლის 22 მაისს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთის) 0.25 პროცენტული პუნქტით (პპ) შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.0 პროცენტს შეადგენს.


"საქართველოში დაბალინფლაციური გარემო ნარჩუნდება და მთლიანი ინფლაცია კვლავ მიზნობრივი მაჩვენებლის ქვემოთაა. 2024 წლის აპრილში ფასების საერთო დონე წლიურად 1.5 პროცენტით გაიზარდა, ხოლო საბაზო ინფლაციამ 2.3 პროცენტი შეადგინა. წინა თვესთან შედარებით ინფლაციის ზომიერი ზრდა მიმდინარე მწვავე გეოპოლიტიკური ვითარების გამო ნავთობის ფასების ზრდამ განაპირობა. დროულად და საკმარისად  გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შედეგად, ადგილობრივი წარმოების პროდუქტების ფასების ცვლილება, მიზნობრივ 3 პროცენტიანი მაჩვენებლის გარშემო ნორმალიზდა.


განახლებული პროგნოზით, 2024 წლის პირველ ნახევარში ინფლაცია, სხვა თანაბარ პირობებში, მიზნობრივი დონის ქვემოთ იქნება და შემდგომ 3%-იანი მაჩვენებლის გარშემო დასტაბილურდება.


მიუხედავად პოზიტიური ტენდენციებისა, გაურკვევლობამ მოიმატა. როგორც შიდა, ისე გეოპოლიტიკური ვითარებიდან მომდინარე ინფლაციური რისკები გაზრდილია. ასევე საყურადღებოა, რომ ბოლო თვეებში ინფლაციური მოლოდინები მცირედ მომატებულია.  ამასთან, სებ-ის შეფასებით, პანდემიამდელი ტრენდიდან ეკონომიკური აქტივობის ჩამორჩენა სრულად აღმოფხვრილია. შესაბამისად, ინფლაციური რისკის შემცველია მოსალოდნელზე ძლიერი შიდა მოთხოვნაც, რომელსაც ნაწილობრივ გაზრდილი საკრედიტო აქტივობა ასტიმულირებს. თუმცა საბაზო სცენარით, მოსალოდნელია, რომ 2024 წელს ეკონომიკური აქტივობა მისი პოტენციური დონის გარშემო დასტაბილურდება და 5.6%-ით გაიზრდება, რაც დამატებით ინფლაციურ წნეხს არ შექმნის.


ზემოაღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით და ამ ეტაპზე არსებული შიდა და გარე გამოწვევების ანალიზის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0.25 პპ-ით, 8.0%-მდე შეამცირა. ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ნორმალიზაციას მხოლოდ ფრთხილი ბიჯებით გააგრძელებს. იმ შემთხვევაში, თუ ინფლაციის მოლოდინებზე ზრდის მიმართულებით მოქმედი ფაქტორები კვლავ გამოიკვეთა, შესაძლოა, მიმდინარე მკაცრი პოზიციის ხანგრძლივად შენარჩუნება ან მონეტარული პოლიტიკის დამატებით გამკაცრება გახდეს საჭირო.საქართველოს ეროვნული ბანკი მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს უწყვეტ რეჟიმში აკვირდება და ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს" - აცხადებენ ეროვნულ ბანკში.


მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2024 წლის 19 ივნისს ჩატარდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930