გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან კალანდაძე: ფინანსთა სამინისტროს ნოვაცია რევოლუციურია

15-01-2018

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, ლევან კალანდაძე ფინანსთა სამინისტროს ნოვაციას, რომლის თანახმადაც დღგ-ს ზედმეტობის დაბრუნების გამარტივებული სისტემის დანერგვა უნდა განხორციელდეს, - რევოლუციურად აფასებს.

როგორც კალანდაძემ საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესთან“ საუბრისას განაცხადა, ამ სისტემის ამოქმედების შემდეგ დღგ-ს ზედმეტობის დაბრუნების პროცესს უზრუნველყოფს არა რომელიმე კონკრეტული ჩინოსანი, არამედ თავად სისტემა, რაც პიროვნულ ფაქტორს პრაქტიკულად სრულად გამორიცხავს.

„გადაჭარბება არ იქნება თუ ვიტყვი, რომ საგადასახადო სისტემაში ეს სიახლე არის რევოლუციური.
აღსანიშნავია, რომ ბევრი მინისტრი, ხელისუფლება ცდილობდა, რომ ქვეყანაში დღგ-ს დაბრუნების ავტომატური რეჟიმი დანერგილიყო, რაც სამწუხაროდ აქამდე ვერ მოხერხდა. იყო ბევრი მცდელობა-მცირე წარმატება და წარუმატებლობა, თუმცა სისტემურად ამის დარეგულირება ვერ მოხერხდა. ამიტომ, მე ვთვლი, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი ერთის მხრივ თავად საგადასახადო აღრიცხვა-ანგარიშგების მოწესრიგების კუთხით და მეორეს მხრივ, საგადამხდელო კულტურის დანერგვისა და განვითარებისთვის“-განაცხადა კალანდაძემ.


ექსპერტის შეფასებითვე, ყველაფერზე მნიშვნელოვანია, რომ ეს სისტემა თავად ბიზნესს მისცემს საშუალებას ლიკვიდური სახსრები მნიშვნელოვნად გაზარდოს.
„რეალურად, შესაძლებელია მოხდეს რამდენიმე ასეული მილიონი ლარის ბიზნესში უკან ჩაბრუნება და ამ ფულით ბიზნესპროცესების წახალისება.


ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თავად საგადასახადო ორგანოს მაღალჩინოსნების პიროვნული ფაქტორები სისტემიდან მთლიანად გამორიცხული იქნება. ანუ, ამას უზრუნველყოფს არა მაღალჩინოსანი, არამედ თავად სისტემა. აქედან გამომდინარე, ეს სისტემის ნდობისა და მდგრადობის გაზრდისკენ გადადგმული პრაქტიკულად უპრეცენდენტო ნაბიჯია.


საგადასახადო სისტემაში თავისი მნიშვნელობით ეს ფაქტი მე შემიძლია შევადარო ქვეყნისთვის კონსტიტუციის მიღებას, რადგან ეს შემოსავლების სამსახურის სრულფასოვანი მუშაობისთვის, ბიზნესთან სწორი კომუნიკაციისთვის და ბიზნესის წახალისებისთვის უმნიშვნელოვანესია.


თუ ფინანსთა მინისტრმა ამის სისტემურად განხორციელება შეძლო, ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება“-განაცხადა ლევან კალანდაძემ „ნიუსპრესთან“ საუბარში.


ექსპერტი მიიჩნევს, რომ რეფორმა ინვესტორებისთვისაც მასტიმულირებელი ფაქტორი გახდება.


„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ინვესტორებზე და მათი ნდობის გაზრდაზე, როცა ვსაუბრობთ, რომ ქვეყანა საინტერესო ხდება, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი სწორედ დღგ-ს ავტომატური დაბრუნება იქნება, რადგან ამ შემთხვევაში ადამიანური ფაქტორი მეორე პლანზე გადადის“-აღნიშნა კალანდაძემ.


Newspress.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930