გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჯიღაურას მრავაწლოვანი კულტურების ბაზაზე ფერმერებს ტრენინგი ჩაუტარდათ

3-06-2024

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების ბაზაზე, პროექტის „მრავალმხრივი საფრთხეების ადრეული გაფრთხილების სისტემის გაფართოება და კლიმატთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოყენება საქართველოში“ ფარგლებში, შიდა ქართლისა და კახეთის რეგიონების მუნიციპალიტეტების ფერმერებისა და ექსტენციის თანამშრომლებისათვის ორდღიანი თეორიული და პრაქტიკული ტრენინგი ჩატარდა.


უწყების ინფორმაციით, UNDP-ის პროექტი „მრავალმხრივი საფრთხეების ადრეული გაფრთხილების სისტემის გაფართოება და კლიმატთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოყენება საქართველოში“ ფარგლებში, შემუშავებულია ციფრული აგროპლატფორმა, რომლის საშუალებითაც ფერმერები მოსალოდნელის ამინდის შესახებ ინფორმაციას ოპერატიულად მიიღებენ. პლატფორმას სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან და გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან კოორდინირებით, სოფლის განვითარების სააგენტო უწევს ოპერირებას.


ტრენინგის მონაწილეებმა მოსალოდნელი ამინდის შესახებ შეტყობინების ოპერატიული მიღების მნიშვნელობის საკითხები განიხილეს. სწავლება შეეხო ამინდის გათვალისწინებით ვაზსა და ხეხილოვან კულტურებში ჩასატარებელ ზოგიერთ აგროტექნიკურ სამუშაოებს.


ხეხილოვანი კულტურების კვლევის სამსახურის უფროსმა ზვიად ბობოქაშვილმა და ინვიტრო ლაბორატორიის ხელმძღვანელმა თეკლა ზაკალაშვილმა, თეორიულ სწავლებასთან ერთად, მონაწილეებს კოლექციებში მწვანე ოპერაციების და სხვლა-ფორმირების პროგრესული მეთოდები პრაქტიკული მაგალითებით გააცნეს. ფერმერებმა ინფორმაცია მიიღეს მეხილეობის, მევენახეობის და მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის მიმართულებით სადემონსტრაციო ბაზებზე მიმდინარე კვლევებსა და სამეცნიერო პროექტების შესახებ.


აღსანიშნავია, რომ პროექტი „მრავალმხრივი საფრთხეების ადრეული გაფრთხილების სისტემის გაფართოება და კლიმატთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოყენება საქართველოში“ შემუშავებულია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით და ხორციელდება კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) და საქართველოს, შვედეთისა და შვეიცარიის მთავრობების ხელშეწყობით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930