4-06-2024
„გამჭვირვალობის ქართულმა კანონმა გამჭვირვალე გახადა ქართული სახელმწიფოს მიმართ ამერიკისა და ევროპის დამოკიდებულება. გამჭვირვალობის ქართული კანონის ირგვლივ პოლიტიკური თამაშის წესებიდან გასული მათი ისტერია გახდა მეტი პოლიტიკური მოტივაცია ქართული სახელმწიფოსთვის, მიეღო კანონი, რადგან მათი უარგუმენტო კრიტიკით გამოიკვეთა, რომ ქართული სახელმწიფო მართებულ პოლიტიკურ გზაზე დადგა და სახელმწიფოებრივი ღირსებით, უსაფრთხოების მეტი გარანტიით, სუვერენიტეტის დაცვით ნაბიჯებს მაღალ პოლიტიკურ ხარისხში დგამს“, - ასე ეხმიანება ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის მიერ გავრცელებულ წერილს „ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი.
როგორც მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს, „დაუძინებელი მეგობრებს“ სჭირდებათ კოლონია, რომელიც მათ დავალებებს უსიტყვოდ შეასრულებს და საკუთარი პოლიტიკური ღირსება არ ექნება. მისივე თქმით, უცხოელებს მოუწევთ, შეეგუონ ქართულ ღირსებას და დამოუკიდებლობისადმი სწრაფვას.
„გამჭვირვალობის ქართულმა კანონმა გამჭვირვალე გახადა ქართული სახელმწიფოს მიმართ ამერიკისა და ევროპის დამოკიდებულება. გამჭვირვალობის ქართული კანონის ირგვლივ პოლიტიკური თამაშის წესებიდან გასული მათი ისტერია გახდა მეტი პოლიტიკური მოტივაცია ქართული სახელმწიფოსთვის, მიეღო კანონი, რადგან მათი უარგუმენტო კრიტიკით გამოიკვეთა, რომ ქართული სახელმწიფო მართებულ პოლიტიკურ გზაზე დადგა და სახელმწიფოებრივი ღირსებით, უსაფრთხოების მეტი გარანტიით, სუვერენიტეტის დაცვით ნაბიჯებს მაღალ პოლიტიკურ ხარისხში დგამს.
ამ პროცესმა კიდევ უფრო მკვეთრი გახადა თეთრისა და შავის მონაცვლეობა. გაკეთებული პოლიტიკური განცხადებები, რომ გამჭვირვალობის ქართული კანონი არის დემოკრატიული პროცესის დაზიანება და რომ 2012 წლის შემდეგ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა დაიწყო და სააკაშვილი დემოკრატიის შუქურაა ყველა სამართლებრივ თუ პოლიტიკურ შინაარსს ეწინააღმდეგება. „დაუძინებელი მეგობრებს“ სჭირდებათ კოლონია რომელიც მათ დავალებებს უსიტყვოდ შეასრულებს და რომელსაც პოლიტიკური ღირსება არ ექნება. ვეთანხმები ბატონ ზაზა შათირიშვილს - "ევროპა, სამწუხაროდ, კოლონიის კოლონიად იქცა და მან დემოკრატიის საფარქვეშ, დავალებების შესრულების პროცესში სრულად დაკარგა სუვერენიტეტიც და ავტორიტეტიც.
ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ ამერიკის ინტერესებს სრულად დამორჩილებული ევროპა, ევროპული ქვეყნების აგენტურული მმართველების ხელით, სიტყვა დემოკრატიას საქართველოს წინააღმდეგ იარაღად იყენებს და რეალურად, ჩვენი ქვეყნის ისევ კოლონიად გადაქცევას ლამობს". ეს აღარ არის პოლიტიკური პროცესები რომლებიც საჭიროებიდან გამომდინარეობს, ეს არის ამერიკისა და ევროპის შიზოფრენია რომლის მიზანია დაიქვემდებაროს ქართული სახელმწიფო, რომელიც პატარა, მაგრამ ურჩი ბავშვი აღმოჩნდა და რომელმაც უფროსებზე წინ წასვლით გონივრული პოლიტიკური ნაბიჯები გადადგა.
ქართული სახელმწიფო რომელსაც ეროვნულობის ამბიცია და პოლიტიკური ღირსება გააჩნია, პოლიტიკურად ბეწვის ხიდზე გადის, გადის სახელისუფლებო გუნდთან შეთანხმებულად მოქმედი ხალხით სადაც დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის იდეაში ყველანი ერთნი ვართ და ერთი მიზანი გვაქვს ფრთხილად და ღირსების დაცვით გავიაროთ ამ პოლიტიკურად ტურბულენტურ ზონაში. ქართული სახელმწიფო ამ „ომს“ მოიგებს და ესოდენ გამჭვირვალედ ქცეული ევროპა და ამერიკა ჩვენ მიმართ გამოჩენილი დაუნდობელი პოლიტიკით საბოლოოდ ფარ-ხმალს დაყრის. მათ მოუწევთ შეეგუონ ჩვენს ქართულ ღირსებას და დამოუკიდებლობისადმი სწრაფვას რაც ისტორიულად ჩვენი ხელწერაა და მას ვერავინ წაშლის“, - წერს მეგრელიშვილი.