გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თიბისი უზბეკეთი ფინანსური პროდუქტების გაფართოებისთვის 38.2მილიონ დოლარს გამოყოფს

18-07-2024

უზბეკეთის ერთადერთმა ექსკლუზიურად მობილურ აპლიკაციაზე დაფუძნებულმა ბანკმა, თიბისი ბანკი უზბეკეთი, რომელიც ლონდონის საფონდო ბირჟაზე დალისტულ თიბისი ბანკის ჯგუფს ეკუთვნის, ახალი კაპიტალის ინვესტირებით, პროდუქტების გაფართოებისათვის 38,2 მილიონი აშშ დოლარი გამოყო. ბანკი ქვეყანაში ადგილობრივი საქმიანობის გაფართოებას და ახალი ფინანსური პროდუქტების დანერგვას გეგმავს.


აღნიშნული კაპიტალიდან თიბისი ბანკის ჯგუფს ეკუთვნის 23 მილიონი დოლარის ინვესტიცია, ხოლო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა (EBRD) და მსოფლიო ბანკის საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) მონაწილეობა თითოეულზე 7,6 მილიონი დოლარით განისაზღვრა.


2019 წელს, თიბისი ბანკის ჯგუფმა, საქართველოში კლიენტების მომსახურების შემდეგ, საქმიანობის გაფართოება ქვეყნის საზღვრებს გარეთ გადაწყვიტა და არჩევანი უზბეკეთზე, შეაჩერა. ბანკმა უზბეკეთში ოპერირება 2020 წელს დაიწყო ცალკეული სუბიექტის, TBC Group Uzbekistan-ის მეშვეობით, რომელმაც დებიუტის შემდეგ ქვეყანაში მხოლოდ მობაილბანკი გახსნა, ფიზიკური ფილიალების გარეშე. გეგმა ასეთი იყო: უზბეკეთის მზარდი დიგიტალიზაციის ძალისხმევის გამოყენება და ბიზნესის ზრდის პროგნოზირება ქვეყანაში, რომელიც მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით რეგიონში სიდიდით მესამეა.


დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ყველა ქვეყანას შორის სიდიდით მეორეა და სწორი ეკონომიკური და სოციალური დემოგრაფია აქვს.


"სანამ თიბისი შემოვიდოდა, უზბეკეთში საბანკო აპლიკაციები არ არსებობდა… ოთხი წლის მანძილზე ბანკების უმეტესობამ მობილური აპლიკაციები დანერგა, მაგრამ ამ სფეროში თიბისი ბევრად წინ არის", — განაცხადა თიბისი ჯგუფის საერთაშორისო ბიზნესის ხელმძღვანელმა ოლივერ ჰიუზმა ექსკლუზიურ ინტერვიუში.


ოფიციალური მონაცემებით, უზბეკეთში სმარტფონების გამოყენება 70%-ია, ხოლო ინტერნეტის 77%. ქვეყნის 37-მილიონიანი მოსახლეობის 59% 30-წლამდე ასაკისაა, რაც მას სპეციფიკური მობილური ბიზნესისთვის სიცოცხლისუნარიან ბაზრად აქცევს.


თიბისი ბანკი უზბეკეთი გთავაზობთ მობილურ აპლიკაციას, რომლის მეშვეობითაც მომხმარებლებს შეუძლიათ გახსნან საბანკო ანგარიშები და მიიღონ მომსახურება, მათ შორის, ნაღდი ფულით გაცემული სესხები და დეპოზიტები, რაც კლიენტებს საშუალებას აძლევს, საბანკო სერვისები ბანკის ფილიალში ფიზიკურად წასვლის გარეშე მიიღოს.


ოლივერ ჰიუზმა TechCrunch-ს განუცხადა, რომ რამდენიმე წლის წინ, უზბეკეთში კლიენტებს, როგორც წესი, საბანკო ოპერაციების შესასრულებლად, ბანკში მისვლა და რიგში დგომა უწევდათ.


მობილური ბანკის გარდა, თიბისი ჯგუფი უზბეკეთი ფლობს Payme-ს ანუ ციფრული გადახდების აპლიკაციას ინდივიდუალური მომხმარებლებისა და მცირე ბიზნესისთვის, ასევე საკრედიტო ბიზნესს სახელწოდებით Payme Nasiya. მისი დაფარვის გასაფართოებლად, ის ითვალისწინებს ბანკში ამ ორი ბიზნესის გამოცდილების ინტეგრირებას ან მათ სინქრონიზაციას ბანკის ოპერაციებთან.


მაგალითად, თიბისი ჯგუფი უზბეკეთი, თავისი აპლიკაციის საშუალებით, მომხმარებელს სთავაზობს რჩევებს, რეკომენდაციებს და მომხმარებლის მიერ გენერირებულ კონტენტს ადგილობრივ ღონისძიებებზე, გასართობ შოუებზე, კონცერტებზე და მოგზაურობაზე, რათა უზრუნველყოს დამატებითი სერვისები, რომლებიც მკაცრად ფინანსურ ოპერაციებთან არ არის დაკავშირებული. ამ ფუნქციებიდან ზოგიერთი პირველად გამოჩნდება Payme-ის აპლიკაციაში, მაგრამ, დროთა განმავლობაში, ხელმისაწვდომი იქნება თიბისი ბანკი უზბეკეთის მომხმარებლებისთვის.


ანალოგიურად, Payme Nasiya ამჟამად ემსახურება უზბეკეთის მომხმარებლებს თავისი გაყიდვების პუნქტით და განვადების სესხებით. საკრედიტო ბიზნესის გასაფართოებლად, ის გეგმავს დანერგოს ელექტრონული კომერცია და ოფლაინ ყიდვის ფუნქცია; იყიდეთ ახლა, გადაიხადეთ მოგვიანებით. მოსალოდნელია, რომ ეს უფრო მეტ ადგილობრივ ბიზნესს მოიზიდავს და, საბოლოოდ, მობილურ ბანკს მეტი მომხმარებლის მოპოვებაში დაეხმარება.


ახალი ფინანსური პროდუქტების გარდა, თიბისი ჯგუფი უზბეკეთი თავის მობაილბანკში AI გამოცდილების შემოტანას გეგმავს. ჰიუზმა TechCrunch-ს განუცხადა, რომ ჯგუფმა დიდი ენობრივი მოდელი შექმნა, რომელიც ძირითადად მომხმარებლების მონაცემთა ბაზას იყენებს და ხმოვან ასისტენტზე მუშაობს, რათა მის აპლიკაციაში ინტეგრირებული ჩატბოტის მეშვეობით საბანკო და ფინანსური მომსახურების მიწოდება უზრუნველყოს.


შემოდგომაზე თიბისი ბანკი უზბეკეთი ახალ დაფინანსებას გამოიყენებს, მომავალ წელს კი საკრედიტო ბარათებს და სადაზღვევო პროდუქტებს დაამატებს, განაცხადა ჰიუზმა.


ბანკს აქვს ისეთი დამატებით სერვისები, როგორიცაა მიმდინარე ანგარიშები, ასევე ბუღალტერია, ოფლაინ გადახდები, ელექტრონული კომერციის გადახდები და დაკრედიტება სპეციალურად მცირე და საშუალო ბიზნესის მომხმარებლებისთვის, დასძინა ჰიუზმა.


"ეს ინვესტიცია საშუალებას მოგვცემს კიდევ უფრო მეტად გამოვიყენოთ უზბეკეთის უზარმაზარი შესაძლებლობები. ეს არის სწრაფად მზარდი ქვეყანა 37-მილიონზე მეტი მოსახლეობით, სადაც TBC UZ ზრდის იმპულსის გამოყენებას აგრძელებს", — აღნიშნულია თიბისი ბანკის ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორის, ვახტანგ ბუცხრიკიძის განცხადებაში.


2022 წელი თიბისი ბანკი უზბეკეთმა ზარალის გარეშე დაასრულა, 2023 წელი კი, ბანკის მოგების პირველი სრული წელი იყო. 2024 წლის მარტის მდგომარეობით, მას 4.8 მილიონი უნიკალური რეგისტრირებული მომხმარებლის ბაზა ჰქონდა. ბანკმა ასევე დააფიქსირა ყოველთვიური აქტიური მომხმარებელი 1.2 მილიონით, 2024 წლის პირველ კვარტალში.


მთლიანობაში, თიბისი ჯგუფი უზბეკეთმა, 15 მილიონი რეგისტრირებული მომხმარებლის ბაზით, მომგებიანობას მიაღწია საქმიანობის დაწყებიდან ორი წლის შემდეგ და მიმდინარე წლის პირველ კვარტალში შემოსავლების 85%-იანი ზრდა დაფიქსირდა. სამივე შვილობილი კომპანიის მეშვეობით, კომპანიამ 296 მილიონი აშშ დოლარის მთლიანი სესხი გასცა და 216 მილიონი დოლარის დეპოზიტი მიიღო. მისმა წმინდა მოგებამ, 2023 წლის ფინანსური წლისთვის, 23 მილიონი დოლარი შეადგინა, რომელთა უმეტესი ნაწილი Payme-დან მიიღო.


"თიბისი უზბეკეთის ზრდის შთამბეჭდავი ტრაექტორია და ინოვაციური მიდგომა შეესაბამება ჩვენს მისიას, მხარი დაუჭიროს რეგიონში მდგრად ეკონომიკურ განვითარებას", - თქვა უზბეკეთის EBRD-ის ხელმძღვანელმა, ენდი არანიტასიმ.


ოლივერ ჰიუზის თქმით, 2025 წლის ბოლოსთვის, თიბისი ჯგუფი უზბეკეთი 75 მილიონი აშშ დოლარის წმინდა მოგებას გამოიმუშავებს, რომლის უმეტესი ნაწილი თიბისი ბანკი უზბეკეთიდან იქნება.


"მოხარული ვართ, TBC UZ-ის მიერ აქამდე მიღწეული პროგრესით და გვწამს მისი პოტენციალის, რომელიც ხელს შეუწყობს უზბეკეთის ეკონომიკურ ზრდას და ფინანსურ ჩართვას", - განაცხადა ნილ მაკკეინმა, ქვეყნის მენეჯერმა უზბეკეთის IFC-ში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930