გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პროკურატურამ თელავის რაიონში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

26-07-2024

საქართველოს პროკურატურამ თელავის რაიონში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.


შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 24 ივლისს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლალისყურში ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავალჯერადი გასროლით ორ პირს ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად ერთი დაზარალებული ადგილზე, ხოლო მეორე საავადმყოფოში გარდაიცვალა.


გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ 24 ივლისს ბრალდებული თელავის რაიონის სოფელ ლაფანყურში, მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა მასზე შენახვის უფლებით რეგისტრირებულ ორ ცეცხლსასროლ იარაღს.


მას ბრალდება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ლ" ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში) და 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება) დაუსწრებლად წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თელავის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა და მის მიმართ გამოცხადდა ძებნა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31