29-07-2024
საქართველოს ბაზარზე ჩინეთის სახელმწიფო ავიაკომპანია Air China შემოდის და შემოდგომიდან დაიწყებს რეგულარული ფრენების შესრულებას კვირაში სამი სიხშირით თბილისსა და ურუმჩის შორის. ავიაკომპანიის დელეგაცია ამ და სხვა სიახლეების შესახებ ინფორმაცია დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეს მარიამ ქვრივიშვილს მიაწოდა. შეხვედრას ასევე დაესწრნენ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის დირექტორი გივი დავითაშვილი და საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელი ირაკლი ქარქაშაძე.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებამ ძალიან დიდი სტიმული მისცა სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებას. მისი თქმით, ხელმოწერის შემდეგ ამოქმედდა უვიზო რეჟიმი, რამაც დამატებითი სტიმული მისცა მიმდინარე მოლაპარაკებებს ჩინეთის ავიაკომპანიებთან, Air China - სთან კი აღნიშნული პროცესის წარმატებით დასრულება დააჩქარა.
„Air China - ს ხელმძღვანელებთან შევთანხმდით, რომ საერთო ძალისხმევით განვაგრძობთ საქართველოს ცნობადობის გაზრდას ჩინეთში, რათა გავზარდოთ ტურისტების რაოდენობა. იმედს გვაქვს, რომ გაიზრდება იმ ჩინური ქალაქების ჩამონათვალი, საიდანაც საქართველოში პირდაპირი ფრენები შესრულდება. მათ შორის, პეკინიდან და შანხაიდან," - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
„ყველაფერს გავაკეთებთ, რომ განვითარდეს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობა, სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობები, რაც დადებითად აისახება ზოგადად ქვეყნის ეკონომიკის, ასევე ტურიზმის ინდუსტრიის და სამოქალაქო ავიაციის გაძლიერებაზე," - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.