გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით ქართული აგროპროდუქტების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო

3-08-2024

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, თბილისში, ტურისტულად აქტიურ ადგილას, ვეკუას ქუჩაზე ქართული აგროსასურსათო პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა მოეწყო.


ღონისძიებაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორ დავით
წითლიძესთან ერთად იმყოფებოდნენ.


„საინტერესო ღონისძიება ტარდება დღეს თბილისში, დაახლოებით 20-მდე მცირე და საშუალო ფერმერია წარმოდგენილი. როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ისე ტურისტებიც ინტერესდებიან ჩვენი ქართული გამორჩეული საგემოვნო თვისებების პროდუქციით. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხელი შევუწყოთ ქართული ხარისხიანი პროდუქციის პოპულარიზაციას. ქალბატონი ნინო წილოსანი ჯერ კიდევ აგრარული კომიტეტის თავმჯდომარეობისას იყო ამ იდეის ავტორი. ჩვენ რა თქმა უნდა მხარი დავუჭირეთ და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით ტარდება დღეს ეს ღონისძიება“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ თენგიზ ნასარიძემ.


„მნიშვნელოვანი დღეა ჩვენთვის, ფერმერებისთვის და მცირე მეწარმეებისთვის. იწყება აგრობაზრების საპილოტე პროექტი, რომლებსაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო დააორგანიზებს. ეს იქნება ძალიან კარგი შესაძლებლობა მათი პროდუქციის გამოფენის, შესაბამისად გაყიდვის, ტურისტების მხრიდან თუ ადგილობრივების მხრიდან დაინტერესების და შესაბამისად თბილისელებისთვისაც ადგილი, სადაც მათ შეეძლებათ სოფლად მოყვანილი პროდუქტი შეიძინონ და დააგემოვნონ. რა თქმა უნდა, სოფლის მეურნეობის სამინისტრო მუდმივ რეჟიმში ახდენს ფერმერების დახმარებას და განსაკუთრებით კი პროდუქციის რეალიზაციის პროცესში აქტიურ ჩართულობას. იმიტომ რომ რეალიზაციაც ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილია მათი წარმატების და მივესალმებით ამგვარ ინიციატივებს“, - აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა.


ღონისძიების სტუმრებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულმა მწარმოებლებმა შესთავაზეს ქართული თაფლი, ჩაი, წვენები, ღვინო და სხვადასხვა სახის ტრადიციული ტკბილეული, მათ შორის ჩურჩხელა, ჩირი, ტყლაპი. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო როგორც ქართული ტრადიციული, ასევე ევროპული წესით დამზადებული ყველის ნაირსახეობა.


სოფლის განვითარების სააგენტო ქართული ხარისხიანი აგროპროდუქციის წარმოების მხარდაჭერასთან ერთად სხვადასხვა ღონისძიებების მეშვეობით ხელს უწყობს ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930