გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ოპოზიციამ ბოიკოტი ხელოვნურად მოიგონა, ვინაიდან არ სურთ ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვის შესახებ კანონპროექტის მხარდაჭერა

5-09-2024

ეკლესიასთან დაკავშირებული კონსტიტუციური ჩანაწერი, რა თქმა უნდა, პირველ რიგში მისაღები უნდა იყოს ეკლესიისთვის, საპატრიარქოსთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა "იმედი LIVE"-ში განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, მსჯელობა არსებითად ორი ვერსიის გარშემო წარიმართა და ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანი იყო ეკლესიის მოსაზრების მოსმენა.


„საბოლოო ჯამში ვერსიებიდან ერთ-ერთზე შეჯერდა პოზიციები. აქაც გულდაწყვეტილია ოპოზიცია. ისინი ხედავენ, რომ ჩვენ ვდგამთ ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც მისაღები და სასურველია საზოგადოებისთვის და როგორც კი დაინახეს, რომ მარტივად შეჯერდა პოზიციები ეკლესიასა და ხელისუფლებას შორის, დაიწყეს უკვე განსხვავებული მესიჯებით საუბარი. ახლა ისინი მზად არიან, მხარი დაუჭირონ მართლმადიდებელ ეკლესიასთან დაკავშირებულ ცვლილებებს. თუ მხარს დაუჭერენ, კეთილი ინებონ და მხარი დაუჭირონ იმ კონსტიტუციურ კანონპროექტთან ერთად, რომელიც უკავშირდება ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვას. ეს იქნება ტესტი მათთვის. თუ მათ სურთ, იმოქმედონ იმ ინტერესების შესაბამისად, რომელიც უკავშირდება სახელმწიფოს და საზოგადოების ობიექტურ საჭიროებებს, მაშინ კეთილი ინებონ და მხარი დაუჭირონ იმ კონსტიტუციურ პაკეტს, რომელზეც ჩვენ გვაქვს საუბარი. თუმცა, ისინი ყველანაირად ცდილობენ, თავი აარიდონ ამ კანონპროექტის მხარდაჭერას. დღესაც ჰქონდათ ამის შანსი, მაგრამ თავი აარიდეს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


ირაკლი კობახიძის შეფასებით, რეალურად, ოპოზიციამ ბოიკოტი ხელოვნურად მოიგონა და ამის მთავარი მიზეზი არის ის, რომ მათ არ სურთ ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვის შესახებ კანონპროექტის მხარდაჭერა.


„მათ ხელოვნურად მოიგონეს ბოიკოტი, რომ არ შესულიყვნენ პარლამენტში და არ ჰქონოდათ პოზიციის დაფიქსირების საჭიროება. გახარიას პარტია იყო დღეს სხდომაზე და მათაც მანიპულაციით თავი აარიდეს. რატომ? იმიტომ, რომ ისინი დამოუკიდებლები არ არიან. მათ ინტერესებშია, იმოქმედონ საზოგადოების ინტერესების და საზოგადოების დაკვეთის შესაბამისად, მაგრამ მათ ჰყავთ პატრონი, რომელიც ამის უფლებას არ აძლევს. სწორედ ამის გამოა, რომ ისინი ვერ დგამენ ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც წინასაარჩევნოდაც წაადგებოდათ, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ. როცა დგამ ნაბიჯს, რომელიც შეესაბამება საზოგადოების ინტერესებს და საზოგადოების დაკვეთას, გაქვს სუბიექტური ინტერესი, რომ ეს ყველაფერი არჩევნებში წაგადგება. რატომ ვერ აკეთებენ ამას? იმიტომ, რომ ისინი არ არიან დამოუკიდებლები და რაც მთავარია, ანგარიშვალდებულნი არიან არა ქართველი ხალხის, არამედ საკუთარი პატრონების მიმართ, რაც ძალიან სამწუხაროა", - განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930