21-09-2024
დასავლელი „დემოკრატების“ მხრიდან მიმდინარეობს ბოლშევიკური დევნა განსხვავებული პოზიციის აზრის გამო, ხდება ისეთი მექანიზმების გამოყენება, რომლის შედეგადაც „დამნაშავეს“, მის მეუღლეს, შვილებს, ახლო ნათესავებს და „დაკავშირებულ პირებსაც“ კი სანქციებს უწესებენ, ხოლო ამ პირის სამშობლოს უზღუდავენ ეროვნული კანონმდებლობით დაიცვას საკუთარი მოქალაქე იმ შემთხვევაშიც კი თუ სასამართლო ბრალეულობას ვერ დაუდგენს და მას უდანაშაულოდ ცნობს”- წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი ნანა კაკაბაძე აშშ-ს მიერ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ შემუშავებულ სანქციების პაკეტზე.
როგორც კაკაბაძე აღნიშნავს, აღარაფერია გასაკვირი, რადგან ეს ის ხალხია, რომლებიც ცდილობენ, ქართველ ხალხს ის 9 წლიანი ჯოჯოხეთი დაგვიბრუნონ გიგაურების, ხაზარაძეების, სააკაშვილების, ვაშაძეების და სხვათა ხელით.
მისივე თქმით, სამართლიანობის გრძნობით დამუხტული ჩვენი ერი ვერასოდეს მიიღებს ფარისევლობას მეგობრობად, მტრობას პარტნიორობად და ღალატს ერთგულებად.
კაკაბაძე იმედს გამოთქვამს, რომ ამის ნათელი დასტური 26 ოქტომბრის არჩევნებით დამდგარი შედეგი იქნება.
„შვილები მშობლების დანაშაულებზე პასუხს აგებენ? ალბათ გახსოვთ, 30-იანი წლების საბჭოთა რეპრესიების დროს „მხილებული“ და დაპატიმრებული „იმპერიალიზმის აგენტების“ და „ხალხის მტრების“ მეუღლეებსაც სჯიდნენ ხოლმე ბოლშევიკები: უმრავლეს შემთხვევაში, სიკვდილით დასჯილი „მტრების“ მეუღლეებს ციმბირში ან ყაზახეთის სტეპებში ასახლებდნენ 10-15 წლით, ხოლო მათ ოჯახებს ქონებებს ართმევდნენ და საცხოვრებელი ბინებიდან ყრიდნენ, მათ ბინებში კი კომუნისტებს და კაგებეშნიკი აქტივისტების შესახლებას ახდენდნენ. ასეთი ბნელი დიქტატურის პერიოდშიც კი რეპრესირებულთა შვილები ხელშეუხებლები რჩებოდნენ და თუ არ ჩავთვლით მათზე ბუნებრივი მორალური ზეწოლის, „ხალხის მტრის შვილები“-ს იარლიყის მიწებებას, ისინი სხვა შეზღუდვებს არ ექვემდებარებოდნენ.
„ხალხის მტრის შვილები“ ნათესავებთან ან უპატრონო ბავშვთა სახლებში იზრდებოდნენ და ბევრი მათგანი ცნობილი მოღვაწეებიც გახდნენ (მწერალი ნოდარ დუმბაძე, პროფესორი მარიკა და რეჟისორი გიგა ლორთქიფანიძეები, მათემატიკის დოქტორი და მერაბ კოსტავას ყოფილი მეუღლე რუსუდან ბერიძე და მრავალი სხვა). სტალინის დროსაც კი იყო საყოველთაოდ ცნობილი გამოთქმა: „შვილები მამების დანაშაულზე პასუხს არ აგებენ!“. სტალინის შემდეგ კი მეუღლეების და „დამნაშავის“ ოჯახის რომელიმე წევრის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაყენების საკითხი აიკრძალა! დღეს დასავლეთის ფსევდოდემოკრატიიდან დაქროლა 30-იანი წლების ბოლშევიკურმა სიომ. რომელსაც თავისუფლად შეგვიძლია ქარიშხალი ვუწოდოთ.
დღევანდელი დასავლური სტანდარტით, მართალია მათთვის „მიუღებელი“ პირების მიმართ, დახვრეტა ჯერ არ მოუთხოვიათ, მაგრამ სამაგიეროდ მათ და მათი ოჯახის წევრებს ლამაზი შეთავაზებული სიტყვით („სანქციით“) უსასტიკესად სჯიან. დასავლელი „დემოკრატების“ მხრიდან მიმდინარეობს ბოლშევიკური დევნა განსხვავებული პოზიციის აზრის გამო, ხდება ისეთი მექანიზმების გამოყენება, რომლის შედეგადაც „დამნაშავეს“, მის მეუღლეს, შვილებს, ახლო ნათესავებს და „დაკავშირებულ პირებსაც“ კი სანქციებს უწესებენ, უზღუდავენ გადაადგილების თავისუფლებას, უკრძალავენ საკუთარ ფინანსებზე წვდომის და განკარგვის უფლებას, ხოლო ამ პირის სამშობლოს უზღუდავენ ეროვნული კანონმდებლობით დაიცვას საკუთარი მოქალაქე იმ შემთხვევაშიც კი თუ სასამართლო
ბრალეულობას ვერ დაუდგენს და მას უდანაშაულოდ ცნობს. მოკლედ, ადამიანს უზღუდავენ სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ყოველივე ზემოხსენებულს ეძახიან დემოკრატიას. დადგა დრო, როდესაც ჩვენ მათგან უკვე აღარაფერი გვიკვირს, ვინაიდან ეს ის ხალხია, რომლებმაც სააკაშვილის ნაც-ფაშისტურ სისხლიან რეჟიმს და ამ რეჟიმის შემოქმედებს „დემოკრატიის შუქურა“ უწოდა. "შუქურად" წოდებულებმა კი მათ მიერვე მოკლული ახალგაზრდა ბიჭების სისხლით მორწყულ ქუჩას სიმბოლურად ბუშის სახელი დაარქვეს. ეს ის ხალხია, რომლებიც ცდილობენ, ქართველ ხალხს ის 9 წლიანი ჯოჯოხეთი დაგვიბრუნონ გიგაურების, ხაზარაძეების, სააკაშვილების, ვაშაძეების და სხვათა ხელით.
ეს ის ხალხია, ვინც ჩვენს არჩევანს არ სცნობს და ცდილობენ, თავს მოგვახვიონ "უფროსი ძმისადმი" მონური მორჩილება. მათთვის ლიტონი სიტყვებია, ევროპული ღირებულებები. მერე რა რომ დემოკრატიული სტანდარტი ადგენს გადაადგილების თავისუფლებას, გამოხატვის უფლებას, განსხვავებული აზრის ქონის უფლებას, კანონის უზენაესობას, სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე ხელშეუხებლობას და ა. შ. საკუთარი პოლიტიკური მიზნების განხორციელებისთვის "დემოკრატიის მამები" საქართველოსთან მიმართებაში, ყველა ამ სტანდარტს უხეში და ცინიკური ფორმით არღვევენ.
სამართლიანობის გრძნობით დამუხტული ჩვენი ერი ვერასოდეს მიიღებს ფარისევლობას მეგობრობად, მტრობას პარტნიორობად და ღალატს ერთგულებად. იმედი გვაქვს ამის ნათელი დასტური იქნება 26 ოქტომბრის არჩევნებით დამდგარი შედეგი!“- წერს ნანა კაკაბაძე.