გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნინო თანდილაშვილი: ევროპის წევრ სახელმწიფოებთან ერთად ხელი მოვაწერეთ დეკლარაციას, რომელიც მიზნად ისახავს ტყეების უკეთესად მართვას და ტყის მდგრადი მართვის პრინციპების პრაქტიკაში განხორციელებას

3-10-2024

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო თანდილაშვილმა ქალაქ ბონში, „ევროპის ტყეების“ (Forest Europe) რიგით მე-9 მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა.

 

მინისტერიალის მონაწილეებმა ხელი მოაწერეს ორ მნიშვნელოვან დოკუმენტს: ბონის მინისტერიალის დეკლარაციასა (Bonn Ministerial Declaration)  და  ბონის მინისტერიალის გადაწყვეტილებას  (Bonn Decision).

 

აღნიშნულ დოკუმენტებზე ხელმოწერით „ევროპის ტყეების“ მონაწილე მხარეები დეკლარირებულად თანხმდებიან ტყის მდგრადი მართვის სისტემის ჩამოყალიბებაზე როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე.

 

„ევროპის წევრ სახელმწიფოებთან ერთად, ხელი მოვაწერეთ დეკლარაციას, რომელიც მიზნად ისახავს ტყეების უკეთესად მართვას და ტყის მდგრადი მართვის პრინციპების პრაქტიკაში განხორციელებას. მინისტერიალზე დადებითად შეფასდა საქართველოს მიერ ბოლო წლებში ტყის სექტორში გატარებული რეფორმები, რომელიც, ტყის კოდექსის მიღებასთან ერთად, მოიცავს მთელ რიგ ღონისძიებებს, რაც ემსახურება საქართველოს ტყეების უკეთესად დაცვას, მოვლას და ტყის რესურსების მდგრად გამოყენებას. მინისტერიალზე ვისაუბრეთ იმ პროგრესზე, რომელიც გვაქვს ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში. სატყეო სექტორში გატარებული რეფორმები არის ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ევროინტეგრაციის გზაზე. კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვით, რომ საქართველო როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, აქტიურად გააგრძელებს მუშაობას ევროკავშირის გარემოსდაცვითი, მათ შორის, სატყეო სექტორში მოქმედი სტანდარტების დასანერგად“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

 

მინისტერიალზე ხელმოწერილ დეკლარაციისა და გადაწყვეტილების დოკუმენტებში ხაზგასმულია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: კლიმატის ცვლილება, ტყის რესურსების დივერსიფიკაცია, ფინანსური რესურსების მობილიზაციის საჭიროება, სატყეო განათლება და სექტორის პოპულარიზაცია, საზოგადოებრივი ცნობიერებისა და თვითშეგნების ამაღლება, მოსახლეობასთან მჭიდრო კომუნიკაცია და სატყეო საქმიანობაში მიმდინარე პროცესების შესახებ დაინტერესებული მხარეების ინტენსიური ინფორმირება.

 

„ევროპის ტყეები“ წარმოადგენს მაღალი დონის პოლიტიკურ პროცესს ტყის მდგრადი მართვის უზრუნველსაყოფად, რომელიც შეიქმნა 1990 წელს. მისი წევრი 46 ქვეყნის და ევროკავშირის შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები საკუთარ ტერიტორიაზე ტყის დაცვისა და მდგრადი მართვის უზრუნველსაყოფად ავითარებენ საერთო ხედვებსა და სტრატეგიებს. საქართველო „ევროპის ტყეების“ წევრი 2003 წელს გახდა. აღნიშნული პროცესის ფარგლებში, მინისტერიალი იმართება 4-5 წელიწადში ერთხელ. წლევანდელი მინისტერიალის თავმჯდომარე ქვეყანა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკაა. მომავალ ,,ევროპის ტყეების'' მინისტერიალს თავმჯდომარეობას შვედეთი გაუწევს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930