გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან დავითაშვილი: კომპანია Gebrüder Weiss-ის საქართველოში საქმიანობის გაფართოება ნიშნავს, რომ ქვეყანა ეტაპობრივად მართლაც გლობალურ სატრანსპორტო-ლოგისტიკურ ჰაბად ყალიბდება

4-10-2024

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ავსტრიული ლოგისტიკური კომპანია Gebrüder Weiss-ის (გებრუდერ ვაისი) თბილისში არსებული ლოგისტიკური ცენტრის ახალი ტერმინალის გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. ლევან დავითაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ქვეყანაში ტრანსპორტისა და ლოგისტიკის დარგის განვითარების და ზოგადად საქართველოს, როგორც საერთაშორისო სატრანსპორტო-ლოგისტიკური ჰაბად ჩამოყალიბების მნიშვნელობაზე ისაუბრა.


„ეს არის A კლასის, ძალიან მაღალი საერთაშორისო დონის ლოგისტიკური ცენტრი, რომელიც მოემსახურება როგორც ადგილობრივ მიწოდების ჯაჭვს, ასევე საერთაშორისო სატრანზიტო ოპერაციებს. და ეს ინვესტიცია სრულადაა თანხვედრაში ჩვენს პოლიტიკასთან, რომელიც ტრანსპორტს და ლოგისტიკას უკავშირდება - საქართველო ეტაპობრივად მართლაც ყალიბდება გლობალურ სატრანსპორტო-ლოგისტიკურ ჰაბად. მნიშვნელოვანია, რომ კომპანია ზუსტად ასე ხედავს მის მომავალს - ისინი საქართველოში დამატებით ინვესტიციებს დებენ იმის გამო, რომ პოტენციალს ხედავენ ჩვენს საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტებში, მათ შორის იქნება ეს ტრასეკა, თუ შუა დერეფნის პერსპექტივა", - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.


ღონისძიებას დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილი, ავსტრიის ელჩი საქართველოში რობერტ გერშნერი, Gebrüder Weiss-ის დამფუძნებელი ვოლფრამ ზინგერ ვაისი, რეგიონული დირექტორი ტომას მოზერი და „გებრუდერ ვაისი - საქართველოს" დირექტორი სანდრო ხარლამოვი.


ავსტრიაში მდებარე Gebrüder Weiss Holding AG გლობალურად მომუშავე სრული ლოგისტიკური სერვისების მომწოდებელი კომპანიაა, 500 წელზე ხანგრძლივი ისტორიით. მისი ლოგისტიკური ტერმინალი საქართველოში 2012 წელს დაფუძნდა, ამ პერიოდის განმავლობაში კომპანიის საქმიანობა იზრდებოდა, ვითარდებოდა და წელს მან უკვე თბილისში არსებული ლოგისტიკური ცენტრის რიგით მესამე გაფართოებას დაასრულა. კომპანიის ინფორმაციით, 2024 წელს ევროპული ინვესტიციების მოცულობამ 12 მილიონ ევრომდე შეადგინა, ხოლო ჯამურმა ინვესტიციებმა 30 მილიონ ევროს გადააჭარბა. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აღნიშნა, საქართველოში კომპანიის მესამე გაფართოება მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანაში ტრანსპორტის და ლოგისტიკის სფერო გეგმაზომიერად ვითარდება, არსებული პოლიტიკის შესაბამისად.


„საქართველოს ეკონომიკაში ერთ-ერთ პრიორიტეტული მიმართულებაა ჩვენი ტრანსპორტის და ლოგისტიკის სფეროში მაქსიმალურად გამოყენება, შესაბამისად, ქვეყანა აქტიურად არის ჩართული სატრანსპორტო დერეფნების განვითარებაში. ეს იდეები უკვე ნელ-ნელა ხორცს ისხამს და რეალიზდება ისეთი წარმატებული პროექტების სახით როგორიც არის Gebrüder Weiss-ის სასაწყობე ლოგისტიკური ბიზნესი. ზოგადად, ტრანსპორტის და ლოგისტიკის მიმართულებით ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი პროგრესი ბოლო წლების განმავლობაში და შეიძლება ითქვას, რომ იმ მნიშვნელოვან ეკონომიკურ ზრდაში რომელიც ქვეყანას გააჩნია, ეს სექტორები ძალიან დიდ როლს თამაშობს", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.


ამასთან, ლევან დავითაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანას ბოლო წლებში თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად მუდმივად აქვს ტვირთნაკადის ზრდა - 2024 წლის იანვარ-აგვისტოს პერიოდში საქართველოს სატრანსპორტო დარგების მიერ საერთაშორისო გადაზიდვების რეჟიმში გადაზიდულმა ტვირთების რაოდენობამ 18.7 მილიონი ტონა შეადგინა, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.7%-ით მეტია. ასევე 2024 წლის იანვარ-აგვისტოში საავტომობილო ტრანსპორტით საერთაშორისო რეჟიმში გადაზიდულმა ტვირთების რაოდენობამ 10.5 მილიონი ტონა შეადგინა, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5.4% -ით მეტია. მინისტრის ინფორმაციით, მთავრობა ასევე ყოველწლიურად ასობით მილიონ ლარს ხარჯავს ქვეყანაში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე - ეს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დანახარჯია მშპ-სთან მიმართებაში საჯარო ინფრასტრუქტურის მოდერნიზების კუთხით.


„როგორც იცით, სრულდება აღმოსავლეთ-დასავლების ჩქაროსნული მაგისტრალი, უკვე დავიწყეთ ანაკლიის პორტის მშენებლობა, გვაქვს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების გეგმაც, და ეს ყველაფერი ხელს უწობს სწორედ ჩვენი ქვეყნის სატრანსპორტო-ლოგისტიკური პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებას", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930