გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: 2012 წელს გვქონდა სრულფასოვანი ავტორიტარიზმი, 2024 წლისთვის გვაქვს ჩამოყალიბებული დემოკრატიული სისტემა, 2028 წელს კი, უნდა მივიღოთ არაპოლარიზებული დემოკრატია

8-10-2024

„2012 წელს ჩვენ საქართველოში გვქონდა სრულფასოვანი ავტორიტარიზმი, 2024 წლისთვის გვაქვს უკვე ჩამოყალიბებული დემოკრატიული სისტემა, 2028 წელს შედეგად უნდა მივიღოთ უკვე დემოკრატია, რომელიც მთლიანად იქნება თავისუფალი ისეთი პოლიტიკური ძალებისგან, რომლებიც პირდაპირ უპირისპირდებიან დემოკრატიულ სისტემასა და დემოკრატიულ ღირებულებებს“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა.


როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, 2012 წლამდე იყო ბიზნესის რეკეტი, მედიის მიტაცება, ნულოვანი დემოკრატია, ნულოვანი პოლიტიკური პლურალიზმი, ნულოვანი მედიაპლურალიზმი.


„კიდევ ერთხელ შეჯამება - რითაც დავიწყე, იმით მინდა დავამთავრო, რომ არ დავკარგოთ საერთო სურათი - კიდევ ერთხელ მინდა გავიხსენო, სად ვიყავით 2012 წელს, სად ვართ დღეს და სად ვიქნებით 2028 წელს. 2012 წელს ჩვენ საქართველოში გვქონდა სრულფასოვანი ავტორიტარიზმი. თქვენ გახსოვთ, რა მდგომარეობა იყო ქვეყანაში, ციხეებში თუ ციხეებს გარეთ, ადამიანების წამება. 150 ახალგაზრდა პირდაპირ ქუჩებში მოკლეს წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა. ბიზნესის რეკეტი, მედიის მიტაცება იყო ჩვეულებრივი მოვლენა, ნულოვანი დემოკრატია, ნულოვანი პოლიტიკური პლურალიზმი, ნულოვანი მედიაპლურალიზმი - ეს იყო მდგომარეობა 2012 წლამდე. 2024 წლისთვის ჩვენ გვაქვს უკვე ჩამოყალიბებული დემოკრატიული სისტემა, გვაქვს სირთულეები და მთავარი პრობლემა არის ე.წ. პოლარიზაცია, რომელიც თავიდან ბოლომდე არის გარედან თავსმოხვეული. ჩვენ 2028 წელს შედეგად უნდა მივიღოთ უკვე არაპოლარიზებული დემოკრატია, დემოკრატია, რომელიც მთლიანად იქნება თავისუფალი ისეთი პოლიტიკური ძალებისგან, რომლებიც პირდაპირ უპირისპირდებიან დემოკრატიულ სისტემასა და დემოკრატიულ ღირებულებებს ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, ეკონომიკა იყო 28 მილიარდი ლარი, 2024 წელს ხდება 90 მილიარდი ლარი და 2028 წელს გახდება 130 მილიარდი ლარი. „ბიუჯეტი იყო 8,5 მილიარდი ლარი, 27,8 მილიარდი არის 2024 წლის ბიუჯეტი, 40 მილიარდს გადააჭარბებს 2028 წელს. უმუშევრობა იყო 26,7 პროცენტი, უკვე განახევრებულია 13,7 პროცენტი და მაქსიმუმ 4 პროცენტამდე შემცირდება 2028 წლისთვის. საშუალო ხელფასი 712,5 ლარი, უკვე 2000 ლარს გადააჭარბა და 3 500 ლარამდე გაიზრდება 2028 წელს. სიღარიბე - მილიონ 120 ათასი ადამიანი 30 პროცენტი ცხოვრობდა სიღარიბის ზღვარს მიღმა, 11,8 პროცენტი არის 2023 წლის მაჩვენებელი, 2028 წლისთვის მაქსიმუმ 4 პროცენტი იქნება სიღარიბე ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


მისივე თქმით, ჯანდაცვაზე იყო ნულოვანი ხელმისაწვდომობა, პრაქტიკულად შეზღუდული იყო შესაბამისი სერვისები, შემოღებული იქნა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა და ამ პროგრამის მუშაობა გაგრძელდება.


„კიდევ ერთი მაჩვენებელია მნიშვნელოვანი, როცა პენსიებზეა საუბარი, ერთ-ერთი ფაქტორი, რაც არ გვაძლევს საშუალებას, რომ კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ პენსიები, არის ის, რომ წლიდან წლამდე იზრდება პენსიონერების რაოდენობა. 2012 წელთან შედარებით 155 ათასით არის გაზრდილი საპენსიო ასაკს მიღწეული ადამიანების რაოდენობა. ეს ადამიანები 2012 წლამდე იყვნენ განწირული ფატალური შედეგისთვის ერთი მარტივი მიზეზის გამო, ფინანსების არარსებობის გამო ისინი ვერ მიმართავდნენ ჯანდაცვის დაწესებულებებს. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც გაზრდილია პენსიონერების რაოდენობა, გაზრდილია სიცოცხლის ხანგრძლივობა, არის ის, რომ ჩვენ გვაქვს ფუნდამენტურად გაუმჯობესებული ჯანდაცვის, სოციალური სისტემა და გაზრდილია მოსახლეობის კეთილდღეობის ხარისხი. ინფრასტრუქტურა იყო პრაქტიკულად მოშლილი 2012 წლისთვის, ეს ეხება საგზაო ინფრასტრუქტურას, სასკოლო ინფრასტრუქტურას, საბავშვო ბაღებს, ნებისმიერ მიმართულებას. ჩვენ გვაქვს უკვე მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურა და 2028 წლისთვის გვექნება უკვე ფუნდამენტურად გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930