11-10-2024
ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლებისთვის დამატებით შვიდი საარჩევნო უბანი შეიქმნა. შესაბამისი განკარგულება ცესკომ დღეს გამართულ სხდომაზე ერთხმად მიიღო.
დამატებით საარჩევნო უბნების შექმნის საფუძველი საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლების შესახებ განახლებული მონაცემები გახდა, რომელიც ცესკომ საგარეო საქმეთა სამინისტროდან და სხვა შესაბამისი უწყებებიდან მიიღო და დაამუშავა.
ამ დროისთვის საზღვარგარეთ ხმის მიცემის უფლების მქონე ამომრჩეველთა რაოდენობა შეადგენს 95 834-ს. ამომრჩეველთა გაზრდილი რაოდენობის შესაბამისად საარჩევნო უბნები დამატებით შეიქმნა ამერიკის შეერთებულ შტატებში - ნიუ-იორკში; გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში - ბერლინში; ესპანეთის სამეფოში - ბარსელონაში; იტალიის რესპუბლიკაში - რომში; საბერძნეთის რესპუბლიკაში - ათენსა და სალონიკში; საფრანგეთის რესპუბლიკაში - პარიზში.
საერთო ჯამში ამომრჩევლებს საზღვარგარეთ, 42 ქვეყანაში 67 საარჩევნო უბანი მოემსახურება.
შეგახსენებთ, რომ კანონმდებლობის თანახმად, საზღვარგარეთ საარჩევნო უბანი იქმნება საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი არანაკლებ 50 და არაუმეტეს 3 000 ამომრჩევლისთვის. სხვა რეგულაციებს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობა საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით არ ითვალისწინებს.