გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გივი მიქანაძე თამარ კორძაიას განცხადებაზე: არანაირი პირადობის ჩამორთმევას ადგილი არ ჰქონია, თუმცა, კორძაიასგან მსგავსი განცხადება გასაკვირი არავისთვის იქნება, რადგან 2020 და 2021 წლის არჩევნებზეც იგივე სიცრუის ტირაჟირებით იყო დაკავებული

18-10-2024

„ქართული ოცნების“ წევრმა, გივი მიქანაძემ, მმართველი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე წარმოადგინა ინფორმაცია, რომელიც, მისი განცხადებით, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მიმდინარეობს ფაქტებისა და მტკიცებულებების გარეშე ცრუ ინფორმაციის გავრცელება „ქართული ოცნების“ მიზანმიმართული დისკრედიტაციის მიზნით.


როგორც მან აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, თამარ კორძაიამ, ცრუ განცხადება გაავრცელა წნორში, მოხუცთა თავშესაფარში პირადობის მოწმობების „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ ჩამორთმევის შესახებ, თუმცა, იგი მსგავს განცხადებებს 2020 და 2021 წლებშიც აკეთებდა.

„17 ოქტომბერს თამარ კორძაიამ ბრიფინგზე განაცხადა, თითქოს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა წნორში, მოხუცთა თავშესაფარში 22 მოხუცსა და 9 თანამშრომელს ჩამოართვეს პირადობის მოწმობები და ოფისში წაიღეს. წარმოდგენილი ინფორმაცია სიცრუე რომ არის, ამაზე თავად კორძაიას განცხადება მეტყველებს, რომლის თანახმად [ვციტირებ] „ჩვენ ვიცით თითოეული ამ მოქალაქისა და ამ დანაშაულის ჩამდენი პირების სახელები და გვარები, რომლებსაც დღეს შეგნებულად არ ვასახელებთ“. რეალურად, არანაირი პირადობის ჩამორთმევას ადგილი არ ჰქონია და არის მტკნარი სიცრუე. თუმცა, თამარ კორძაიასგან მსგავსი განცხადება არავისთვის გასაკვირი არ იქნება, რადგან 2020 წლის და 2021 წლის არჩევნებზეც იგივე სიცრუის ტირაჟირებით იყო დაკავებული, ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი სპიკერი იყო“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.


მისივე თქმით, სრული სიცრუეა ტელეკომპანია „მთავარის“ მიერ გაშვებული სიუჟეტიც რუსთავის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების შესახებ. ამასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე, რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ, დაადასტურა, რომ სიუჟეტი მანიპულაციაა და უწყებათაშორის კომისიას ფაქტის შესწავლისკენ, ხოლო სადამკვირვებლო მისიებს მისი შეფასებისა და შესაბამის ანგარიშებში ასახვისკენ მოუწოდა.


„17 ოქტომბერს ტელეკომპანია „მთავარმა“ გაუშვა სიუჟეტი, რომლითაც რუსთავის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებით მანიპულირებას შეეცადა. სიუჟეტში გაჟღერებული სიყალბე არის რუსთავში წინასაარჩევნოდ სიტუაციის დაძაბვის მცდელობა. აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს საგანგებო ბრიფინგი გამართა რუსთავის მერმა, რომლითაც დადასტურდა, რომ სიუჟეტში ასახული ინფორმაცია არის სრული სიყალბე, და მიმართა უწყებათაშორის კომისიას და სადამკვირვებლო მისიებს, რათა დეტალურად შეისწავლონ მომხდარი ფაქტი, რომ წინასაარჩევნოდ ოპოზიციური პარტიული ტელევიზიების მხრიდან ამომრჩეველზე ზეწოლის და სიცრუის გავრცელების მორიგი ფაქტი, აისახოს შესაბამის დასკვნებში“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930