2-12-2024
ვხედავთ, რომ ეუთო/ოდირის დასკვნა ჯერ არ გამოქვეყნებულა, მაგრამ წინასწარი განცხადებები რაც კეთდება ამ ანგარიშთან დაკავშირებით, ეუთო/ოდირის ოფიციალური პირების მხრიდან, მიუთითებს იმაზე, რომ არჩევნები იყო კონკურენტუნარიანი, ჩატარდა ძალიან მაღალი ადმინისტრირების კომპონენტით და ყველა ის დადებითი ფაქტორია აღნიშნული, რომელიც ამ არჩევნების ჩატარების სამართლიანობაზე მიუთითებს, - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ.
მისი თქმით, „ეუთო/ოდირის დასკვნა, პარტნიორების მიერ ყოველთვის აღიარებული იყო, როგორც ყველაზე სანდო და მაღალი ლეგიტიმაციის დასკვნა და ამჯერადაც ასე იქნება.“ თუმცა, აქვე მიქანაძე აღნიშნავს, რომ ოპოზიციისთვის მიუღებელია ეუთო/ოდირის ანგარიში, ვინაიდან ეს მათ გეგმებს ანგრევს, ასევე შეინიშნება ანგარიშის იგნორირების მცდელობა პარტნიორების მხრიდანაც, თუმცა, ფაქტი ჯიუტია.
„ვხედავთ, რომ ამ კონკრეტული ინფორმაციის გაჟღერების ფონზე, რადიკალური ოპოზიციისთვის მიუღებელია ეუთო/ოდირის ანგარიში, იმიტომ, რომ ეს აბსოლუტურად ანგრევს იმ გეგმებს, რომელიც მათ აქვთ გაცხადებული და როგორც ვხედავთ, პარტნიორების მხრიდანაც გარკვეულწილად იგნორირება ხდება ამ ანგარიშის. თუმცა, ფაქტი ჯიუტია და ის, რაც ბუნებაში რეალობას წარმოადგენს, არის გარდაუვალი და ანგარიში, რომელიც საბოლოოდ გამოქვეყნდება იქნება იმ სულისკვეთებით, ამაზე მიუთითებს როგორც 27 ოქტომბერს, ასევე, გასულ დღეებში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარის მხრიდან გაკეთებული განცხადებები, რომლითაც ეს არჩევნები კონკურენტუნარიანად იქნა აღიარებული. შესაბამისად, ამ ფაქტს, ვერც პარტნიორები, ვერც რადიკალური ოპოზიცია ვერ გაექცევა და ეს კიდევ ერთხელ არის დამადასტურებელი იმისა, რომ საქართველოში არჩევნები მაღალი სტანდარტით ჩატარდა და ხარვეზებს, რაც გამოვლინდა, არანაირი გავლენა არ შეიძლება ჰქონოდა იმ საბოლოო შედეგებზე, რაც არჩევნების შედეგად იქნა საქართველოს მოსახლეობის მიერ გამოხატული და ცესკოს მიერ იდენტიფიცირებული“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.
მისივე თქმით, ეუთო/ოდირი იმიტომ არის ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციის მქონე, რომ ის სამართლიანობას ემსახურება და როგორც რადიკალურ ოპოზიციას, ისე პარტნიორებს მოუწევთ ანგარიშში ასახულ შედეგებთან შეგუება.
„კიდევ ერთხელ, ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ რადიკალური ოპოზიციისთვის სასურველი შედეგი ვერ იქნება ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნის საფუძველი. ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია სადამკვირვებლო მისიაში იმიტომ არის ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციის მქონე, რომ ის სამართლიანობას ემსახურება და ამიტომ, რადიკალურ ოპოზიციას და პარტნიორებს მოსწონთ ეს თუ არა, მოუწევთ იმ რეალური შედეგების მიღება, რაც ამ ანგარიშში იქნება ასახული“ - აღნიშნა მიქანაძემ.