11-12-2024
შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დელეგაცია შვეიცარიაში იმყოფებოდა. ბერნის გამოყენებითი მეცნიერებათა უნივერსიტეტს (სოფლის მეურნეობის, სატყეო და სურსათის მეცნიერებათა სკოლა), გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრსა და პროფესიული უნარების სააგენტოს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გარემოს მდგრადობის, ტყის მართვის, სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკისა და სურსათის მეცნიერებებზე გაცვლით პროგრამების ხელშეწყობის მიზნით.
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინფორმაციით, მემორანდუმზე ხელი მოაწერეს ბერნის გამოყენებითი მეცნიერებათა უნივერსიტეტის (BFH) (სოფლის მეურნეობის, ტყის და სასურსათო მეცნიერებათა სკოლის) ჰუგო პ. ცეჩინის სახელობის საერთაშორისო თანამშრომლობისა და განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ზანებე ურაგუჩიმ, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორის მოადგილემ ეკატერინე ბენდელიანმა და პროფესიული უნარების სააგენტოს დირექტორმა ირინე მარგიშვილმა.
ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები სოფლის მეურნეობის ექსტენციის სისტემის ეფექტიანად ფუნქციონირების გამოცდილებას, სოფლის მეურნეობის მიმართულებით საუკეთესო პრაქტიკას, საგანმანათლებლო მასალების გაზიარების შესაძლებლობებს, ფუტკრის დაავადებების შესახებ მეფუტკრეთა გადამზადების გამოცდილებებს გაეცნენ.
შეხვედრები გაიმართა ბერნის გამოყენებითი მეცნიერებათა უნივერსიტეტში (სოფლის მეურნეობის, სატყეო და სურსათის მეცნიერებათა სკოლა).
„დელეგაციისთვის საინტერესო იყო შვეიცარიის გამოცდილების გაზიარება. გარემოსდაცვითი და აგრარული მიმართულებებით დეფიციტური პროფესიების პოპულარიზაციის მიზნით მნიშვნელოვანია ბერნის გამოყენებითი მეცნიერებათა უნივერსიტეტთან თანამშრომლობის პირველი და კონკრეტული ნაბიჯის გადადგმა, რაც ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმზე ხელმოწერით დადასტურდა. ბერნის გამოყენებით უნივერსიტეტთან მანდატის ფარგლებში ვითანამშრომლებთ როგორც პროფესიული, ასევე უმაღლესი საფეხურის პროგრამების მიმართულებით და ხელს შევუწყობთ საქართველოში არსებული საგანმანათლებლო დაწესებულებებთან (პროფესიული, უმაღლესი) კოორდინაციას. ცენტრისთვის განსაკუთრებით საინტერესო გახლავთ ბერნის გამოყენებითი ინსტიტუტის ცირკულარული ეკონომიკის სამაგისტრო პროგრამა, რომლის საქართველოს უნივერსიტეტებში გადმოტანის შესაძლებლობების გზა გამოიკვეთა. ვიზიტის ფარგლებში განვიხილეთ შვეიცარული საგანმანათლებლო და საინფორმაციო მასალებზე წვდომის, ფერმერების უნარებისა და ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობები. შვეიცარიის მხარე მზად არის ერთობლივი საგანმანათლებლო, კვლევითი პროგრამების განხორციელების მიზნით თანამშრომლობისთვის”, - განაცხადა ეკატერინე ბენდელიანმა.
ვიზიტი პროექტის „საქართველოს სოფლის მეურნეობაში პროფესიული განათლების და ტრენინგების სისტემების მოდერნიზაცია (ფაზა 3)“ ფარგლებში განხორციელდა, რომელიც შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით (SDC) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ხორციელდება.