გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეორგანიზაციის შედეგად, საქართველოს კულტურის სამინისტრო და საქართველოს სპორტის სამინისტრო შეიქმნება

11-12-2024

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების თანახმად, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეორგანიზაცია იგეგმება.


კანონპროექტის ძირითად მიმართულებებზე მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ვახტანგ ბაჩიაშვილმა სპორტის კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა.


მომხსენებლის ინფორმაციით, კანონპროექტი პრემიერ-მინისტრის ინიციატივის შესაბამისად მომზადდა, რომლის შედეგად დღეს მოქმედი კულტურისა და სპორტის სამინისტროს ნაცვლად აღმასრულებელი ხელისუფლების სისტემაში ორი დამოუკიდებელი სამინისტრო - კულტურის სამინისტრო და სპორტის სამინისტრო შეიქმნება.


მისივე თქმით, აღნიშნული ცვლილებების მომზადება იმ სამთავრობო პროგრამით არის განპირობებული, რომელიც პრემიერ-მინისტრმა საქართველოს პარლამენტს ნდობის მისაღებად წარუდგინა.


„კანონპროექტის თანახმად, 2025 წლის 1 იანვრიდან აღმასრულებელ ხელისუფლებას ორი სამინისტრო დაემატება, საიდანაც კულტურის სამინისტრო კულტურის პოლიტიკის განხორციელების მიმართულებით დღეს მოქმედი კულტურისა და სპორტის სამინისტროს უფლებამონაცვლე გახდება, ხოლო სპორტის სამინისტრო შესაბამისი დარგობრივი მიმართულებით საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებებს განახორციელებს“, - განაცხადა ვახტანგ ბაჩიაშვილმა.


კომიტეტის თავმჯდომარის ვიქტორ სანიკიძის განცხადებით, სპორტული საზოგადოება აღნიშნულ ცვლილებებს დიდი ხანია ელოდება.


„სასიხარულო და მისასალმებელია ის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელსაც დღეს სპორტის კომიტეტი განიხილავს. აღნიშნული ცვლილებების შედეგად სპორტის სამინისტრო ცალკე სახელმწიფო უწყებად ჩამოყალიბდება“, - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ სანიკიძემ.


„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს და მისგან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტს, კომიტეტმა პირველი მოსმენით, ერთხმად დაუჭირა მხარი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031