14-12-2024
საპრეზიდენტო არჩევნებმა ჩაიარა 500-კაციანი პროტესტის ფონზე, ხედავთ ახალ რიტუალს ამ აქციაზე - აქციის მონაწილეები ფეხით შედგნენ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მაისურს, რომელზეც არის ეროვნული სიმბოლოები გამოსახული, ამით კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ უსამშობლობა არის მათი ხელწერა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არიან ადამიანები, რომლებიც ჩაითრიეს ლიბერალურ ფაშიზმში და ეს არის ტრაგიკული მოვლენა.
„ყველა ხედავდით, რომ საპრეზიდენტო არჩევნებმა ჩაიარა 500-კაციანი პროტესტის ფონზე, თქვენ ხედავდით ასევე ახალ რიტუალს ამ აქციაზე - აქციის მონაწილეები ფეხით შედგნენ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მაისურს, რომელზეც არის ჩვენი ეროვნული სიმბოლოები გამოსახული. ამ კონკრეტულმა ადამიანებმა ამით კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ უსამშობლობა არის მათი ხელწერა. გუშინ ასევე იგივე ადამიანებმა დაამტკიცეს, რომ უღმერთობაც არის მათი ხელწერა და ეს არის ლიბერალური ფაშიზმის სახე. არიან ადამიანები, რომლებიც ჩაითრიეს ლიბერალურ ფაშიზმში და ეს არის ტრაგიკული მოვლენა. ეს ადამიანები ამ უმძიმესი იდეოლოგიისგან არიან ჩვენი გადასარჩენი და მაქსიმუმს გავაკეთებთ, რათა მეტი ადამიანი დავიხსნათ ლიბერალური ფაშიზმისგან ჩვენს ქვეყანაში ეს არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა.
რადიკალურმა ოპოზიციამ ჯერ წააგო არჩევნები, შემდეგ წააგო ქუჩა. თქვენ იცით, რომ არის 4 პარტია, რომელიც სარგებლობს გარედან საკმაოდ სერიოზული მხარდაჭერით, არის 10-ზე მეტი ყველაზე მდიდარი „ენჯეო" და ისინი, ყველანი ერთად, 4 პარტია და 10-ზე მეტი მდიდარი „ენჯეო" ბოლო დღეების განმავლობაში 2000 კაცსაც კი ვერ უყრიან თავს აქციებზე", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.