გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს ტურისტულ პოტენციალს მადრიდის ტურისტულ გამოფენაზე FITUR Madrid 2025 ეცნობიან

23-01-2025

საქართველო ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ესპანეთში, მადრიდში, მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში FITUR-2025 მონაწილეობს. გამოფენას  ესწრება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.  მაია ომიაძემ გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, სადაც  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ტურიზმის მინისტრები იყვნენ წარდგენილები.


FITUR-2025-ზე საქართველოს სტენდი გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა დაათვალიერა.  5 დღის განმავლობაში, გამოფენაზე,  საქართველოს სტენდთან, სტუმრებს საშუალება აქვთ გაეცნონ საქართველოს ტურისტულ მიმართულებას, დააგემოვნონ ქართული კერძები და ღვინო. ქართულმა სამზარეულომ გამოფენის ვიზიტორებს შორის დიდი მოწონება დაიმსახურა. სტუმრებს მადრიდში მდებარე მიშლენის ვარსკვლავის მფლობელი, ქართული რესტორანი ნუნუკა გაუმასპინძლდა. გამოფენას დაესწრო საქართველოს ელჩი ესპანეთში ალექსანდრე ჭკუასელი.


FITUR Madrid 2025-ზე საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია Tripadvisor-ის ღონისძიებაში მონაწილეობდა.  გამოფენის ფარგლებში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ შეხვედრები გამართა წამყვანი საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლებთან, საქართველოში მარკეტინგული კამპანიების გამართვისა და თანამშრომლობის მიზნით.  კომპანიებს შორისაა: British Airways, Expedia, Thinkstrawberies, Epic Road Rides, Paramaunt,  Edreams odiego და   ესპანეთის მარკეტინგული კომპანია Comunica por Cuatro.

 

FITUR-2025-ზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, იმერეთის, სვანეთის დანიშნულების ადგილის  მართვის ორგანიზაციები და კერძო სექტორის ათამდე კომპანიაა წარდგენილი.


 „ეს გამოფენა უმნიშვნელოვანესია ტურიზმის სფეროში, ინტერესი ყოველწლიურად იზრდება. გვაქვს ბევრი შეხვედრა პარტნიორებთან და წელსაც ბევრ ვიზიტორს ველოდებით საქართველოში“,-ამბობს ჯორჯიან დისქავერი ტურსის წარმომადგენელი თინათინ სეთურიძე. 


FITUR-2025-ზე 152 ქვეყანა, 10 ათასამდე  კომპანია და ორგანიზაცია მონაწილეობს. მადრიდის ტურისტულ გამოფენას 153 ათასზე მეტი ვიზიტორი ჰყავს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031