8-03-2025
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ინდონეზიიდან წამყვანი ტურისტული კომპანიების, მედიასაშუალებების, მათ შორის ინდონეზიის ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული ტელევიზიის TRANS 7-ის წარმომადგენლებსა და ბლოგერებს მასპინძლობს.
გაცნობითი ტური ინდონეზიაში საქართველოს საელჩოსა და თურქეთის ავიახაზების მხარდაჭერით ტარდება.
ტურის მონაწილეებს შეხვდა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე თამარ ყორიაული.
გაცნობითი ტურის ფარგლებში, B2B ფორმატის ფარგლებში, ინდონეზიელ ტუროპერატორებს ქართველი კოლეგები შეხვდნენ.
„პროდუქტიული შეხვედრა გაიმართა და ხელი შეეწყო ახალი საქმიანი კავშირების დამყარებას ქართველი და ინდონეზიელი ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს შორის. ჩვენს მთავარ მიზანს წარმოადგენს ხელი შევუწყოთ ახალ, გრძელვადიან და ნაყოფიერ თანამშრომლობას, რათა კიდევ უფრო გავაძლიეროთ ტურიზმის სექტორი და შევქმნათ ახალი შესაძლებლობები, როგორც ბიზნესისთვის, ასევე ტურისტებისთვის“-განაცხადა თამარ ყორიაულმა.
ინდონეზიელ ტუროპერატორებთან შეხვედრის მნიშვნელობაზე საუბრობს ტურისტული კომპანია ქისი თრეველის დამფუძნებელი თიკო ჯიშკარიანი.
„ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო, საშუალება მოგვეცა შევხვდეთ ჩვენს ძველ პარტნიორებს და გავიცნოთ ახალი კომპანიები, რომლებიც საქართველოთი დაინტერესებულები არიან. ინდონეზია დიდი ტურისტული ბაზარია, მათ ტურისტულ ჯგუფებს აინტერესებთ საქართველოს მიმართულება ოთხივე სეზონზე. ინტერესი გაზრდილია, თითქმის გაორმაგებულია ტურისტების მოთხოვნა ღამეებზე“-აცხადებს თიკო ჯიშკარიანი.
შეხვედრის ფარგლებში, ქართული კერძო სექტორის 20-ზე მეტ წარმომადგენელს საშუალება ჰქონდა გასცნობოდა ინდონეზიის ტურისტული სააგენტოების ერთ-ერთი უდიდესი ასოციაციას ASTINDO-ს, რომელიც 1200-ზე მეტ ტურისტულ სააგენტოს, ავიაკომპანიასა და სასტუმროს აერთიანებს.
„ინდონეზიური ტურისტული სააგენტოებისთვის მნიშვნელოვანია მეტი შევიტყოთ საქართველოს შესახებ, ძალიან კარგია საქართველოში ამ ტურის ორგანიზება, შევხვდით ქართველ ტუროპერატორებს, დავათვალიერეთ სასტუმროები, რომ შევიტყოთ თუ რა ტიპის ტურისტული პაკეტის მომზადება შეიძლება, როგორ შეგვიძლია საქართველოს პრომოცია ინდონეზიაში, რომ მოვიზიდოთ მეტი ინდონეზიელი მოგზაური საქართველოში“-განაცხადა ASTINDO-ს თავმჯდომარემ პაულინ სუჰარნომ.
ტურის 12 მონაწილე თბილისს, კახეთს, გუდაურსა და ყაზბეგს ეწვია. მედიის წარმომადგენლები საქართველოს ტურისტული მიმართულების, კულტურის, ბუნებისა და კულინარიის შესახებ სიუჟეტებსა და ბლოგებს მოამზადებენ.