გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ფრაქცია „ქართული ოცნება - რეგიონების განვითარებისთვის“ ენზელ მკოიანის მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს

31-10-2018

საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნება - რეგიონების განვითარებისთვის“, დეპუტატ ენზელ მკოიანის მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:


„ვეხმაურებით ბოლო დღეებში, ახალქალაქში „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათი მხარდამჭერების მიერ მართულ პროვოკაციულ პროცესებს.


გვსურს, საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ საქმე გვაქვს „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი საარჩევნო შტაბის მიერ კარგად დაგეგმილ პროვოკაციასთან, რაც ახალქალაქში მათი საპრეზიდენტო კანდიდატის დიდი მარცხით აიხსნება.


აღნიშნული პროვოკაცია ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პერიოდში დაიწყო და არჩევნების მეორე დღეს, 29 ოქტომბერს გაგრძელდა. გვიან ღამით, ვაშაძის შტაბის წევრები და მხარდამჭერები ჯერ ჩვენი ფრაქციის წევრის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მაჟორიტარის, ენზელ მკოიანის ოჯახის კუთვნილ ბენზინგასამართ სადგურებთან მივიდნენ, თანამშრომლებს უმძიმესი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ფიზიკური განადგურებით დაემუქრნენ, ხოლო შემდეგ, უტიფრად ჩამოხიეს სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო „პლაკატები“. მოგვიანებით, იგივე ავტომობილით, იგივე პირები უკვე სალომე ზურაბიშვილის ადგილობრივ საარჩევნო შტაბს დაესხნენ თავს, შეიჭრნენ ოფისში და აივნიდან ჩამოხსნეს და გაანადგურეს სალომე ზურაბიშვილის ცენტრალური ბანერი. არსებობს როგორც ერთი, ისე მეორე თავდასხმის ამსახველი ვიდეომასალა.


მოვლენების კიდევ უფრო მეტი ესკალაციისთვის, მაჟორიტარი ენზელ მკოიანი მთელი ღამის განმავლობაში იღებდა მუქარის ზარებს უშუალოდ გრიგოლ ვაშაძის შტაბის ხელმძღვანელისგან. გიორგი ვაშაძე მას დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნითა და დაჭერით ემუქრებოდა. მეორე დღეს, 30 ოქტომბერს, ამ მოვლენებს მოჰყვა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებისგან ბოდიშის მოხდის მოთხოვნა, მათ პასუხად მიიღეს კიდევ უფრო მძიმე შეურაცხყოფა როგორც ენზელ მკოიანისა და მისი ოჯახის, ასევე სალომე ზურაბიშვილისა და მთლიანად, „ქართული ოცნების“ მიმართ, რასაც მოჰყვა ფიზიკური დაპირისპირება. ენზელ მკოიანი ამ დაპირისპირების არათუ ეპიცენტრში იმყოფებოდა, არამედ საერთოდ არ მონაწილეობდა მასში, რასაც მისი თანმხლები პირებიც ადასტურებენ.


ჩვენი ფრაქციის წევრს, ენზელ მკოიანს აქვს პოლიტიკაში ყოფნის 20-წლიანი გამოცდილება. 2016 წელს იგი მეხუთედ აირჩიეს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლად პარლამენტში, რაც ყველაზე უკეთ მეტყველებს მის თავდაუზოგავ შრომასა და ერთგულებაზე საკუთარი ხალხის მიმართ. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ჩვენი ფრაქციის წევრს, თანამებრძოლსა და თანამოაზრეს, ბატონ ენზელ მკოიანს არავის დავაჩაგვრინებთ!
„ქართული ოცნება- რეგიონების განვითარებისთვის“ ფრაქციის წევრები კიდევ ერთხელ ვგმობთ „ნაციონალური მოძრაობის“ ძალადობრივ ქმედებებს და მოვუწოდებთ შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს, რაც შეიძლება სწრაფად გამოიძიონ აღნიშნული პროვოკაცია და მოახდინონ პრინციპული რეაგირება ამ სისხლიან გარჩევებზე“-ნათქვამია განცხადებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930