18-01-2018
თბილისში ყველაზე გახმაურებული ორი ხანძარი, ოპერის თეატრს უკავშირდება.
1847 წლის 15 აპრილს, საძირკველი ჩაეყარა ოპერის თეატრის მშენებლობას, რომელიც იტალიელი არქიტექტორის ჯოვანი სკუდიერის ხელმძღვანელობით ოთხი წლის მანძილზე გრძელდებოდა და 1851 წლისთვის დასრულდა. თეატრი აიგო თბილისის ცენტრალურ, მაშინდელ ერევანსკის მოედანზე (დღევანდელი თავისუფლების მოედანი, ქალაქის მერიის მიმდებარე ტერიტორია). სამწუხაროდ, იტალიური რენესანსის სტილში აგებული მონუმენტური შენობა 1874 წლის, 11 ოქტომბერს ხანძარმა გაანადგურა. პრაქტიკულად არ გადარჩა არც ერთი დეკორაცია, კოსტიუმი, თუ რეკვიზიტი, ვერ მოხერხდა მდიდარი სანოტო ბიბლიოთეკის გადარჩენაც. შენობა იმდენად დაზიანდა, რომ გადაწყდა ახლის აშენება (აღადგინეს მხოლოდ ზედა ნაწილი, სადაც ქარვასლა მდებარეობდა).
თბილისის ოპერის შენობა აღწერილი აქვს დიდ ფრანგ მწერალს ალექსანდრე დიუმას.
1896 წლის 3 ნოემბერს კი, გოლოვინის პროსპექტზე (ახლანდელი რუსთაველის გამზირი) დამთავრდა არქიტექტორ შრეტერის მიერ დაპროექტებული ახალი — ე. წ. „სახაზინო თეატრის“, მშენებლობა, (დღევანდელი ოპერის თეატრის შენობა) მაგრამ ახალ შენობასაც 1973 წელს ხანძარი გაუჩნდა, რომელმაც თითქმის მთლიანად დააზიანა ინტერიერი. ხანძრის შემდეგ თეატრის შენობა საფუძვლიანად გადაკეთდა. რეკონსტრუქციის ავტორებმა შეძლეს შენობის აღმოსავლური, ფსევდომავრიტანული სტილის შენარჩუნება.
წყარო: 112-ის სამსახური