23-05-2025
დარბევის მოლოდინი დიდად არ გვქონია, გვქონდა მოლოდინი, რომ შემოვლენ, მაგრამ ვერ წარმოგვედგინა, რომ ტელევიზიაში ამას გაბედავდნენ, - განაცხადა „იმედის“ პროდიუსერმა და ჟურნალისტმა სოფო ნიკოლაიშვილმა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც 2007 წლის 7 ნოემბერს „ტელეიმედში“ სპეცდანიშნულების რაზმის შეჭრის დეტალებზე ისაუბრა.
„7 ნოემბერს „იმედის" ცენტრალურ შენობაში დაახლოებით 150-200 კაცი ვიქნებოდით. იმ დღეს დილიდან ჭორის დონეზე გვქონდა მოლოდინი, რომ შემოვიდნენ. ვიღაცები წავიდნენ და ვერ გეტყვით ყველა იქ ბოლომდე იყო თუ არა. შეიძლება ზოგი მორჩა მუშაობას და წავიდა, ეს ასე მარტივად და გამიჯნულად არ არის. პროცესი იყო. უმრავლესობა, ვისაც გვქონდა საქმე, ვიყავით იქ. „ღია ეთერი“ იწყებოდა თუ არ ვცდები 23:00 საათზე, ვამზადებდით ამ გადაცემას, სტუმრებიც მოსულები იყვნენ. სხვათა შორის, ჩვენ დარბევის მოლოდინი დიდად არ გვქონია. გვქონდა მოლოდინი, რომ შემოვლენ, მაგრამ სხვადასხვა ფორა ხომ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ რიყეზე ვნახეთ ეს კადრები, მაგრამ ვერ წარმოგვედგინა, რომ ტელევიზიაში ამას გაბედავდნენ. ტელევიზიაზე თავდასხმა საერთოდ სხვა ფენომენია, აბსოლუტურად. ეს არის თავდასხმა, ყველაზე დემოკრატიულ ინსტიტუტზე. ამას წესით ყველა გონიერი ხელისუფლება უნდა მოერიდოს, მაგრამ ვისზე ვსაუბრობთ. მას მერე, რაც ჩვენ ეს გადავიტანეთ, ეს იყო მყისიერი შოკის ეფექტი“,- განაცხადა ნიკოლაიშვილმა.
2-06-2025