გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
"უკრაინა და საქართველო ნატოში არ იქნებიან" - ანგელას სამი გმირობა რუსეთის სასარგებლოდ

13-11-2018

ვინ იქნება ქალბატონი კანცლერის სავარაუდო მემკვიდრე?

 

რუსული გამოცემა «Собеседник» აქვეყნებს სტატიას სათაურით "ანგელას სამი გმირობა რუსეთის სასარგებლოდ, რომელთაგან ერთ-ერთი საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანებაზე უარია - ვინ იქნება მისი სავარაუდო მემკვიდრე?". ავტორი ელენე სკვორცოვა პოლიტოლოგებს ანგელა მერკელის სავარაუდო მემკვიდრეებსა და მის მიერ რუსეთის სასარგებლოდ გადადგმულ ნაბიჯებზე ესაუბრა.

 

როგორც ცნობილია, ანგელა-დოროთი მერკელმა უკვე გამოაცხადა, რომ იგი აღარ უხელმძღვანელებს ქრისტიანულ-დემოკრატიულ კავშირს (ქდკ) და არ მიიღებს მონაწილეობას კანცლერის არჩევნებში, რომელიც 2021 წელს უნდა გაიმართოს. ანგელას "ევროპელ რკინის ლედის" უწოდებენ, იგი პირველი ქალია, რომელიც გერმანიის მეთაური გახდა და ქვეყანას 15 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა... შეიძლება ითქვას, რომ მასთან ერთად მთელი ეპოქა გვშორდება.

თუმცა ისეც შეიძლება მოხდეს, რომ ანგელა მერკელმა 2021 წლამდე ვერ მიატანოს და კანცლერის ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს. ეს დამოკიდებულია 
იმაზე, თუ ვინ იქნება ანგელას მაგივრად მმართველი ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის თავმჯდომარე, რომელსაც კანცლერი უნდა დაემორჩილოს, თუ არადა, იგი უნდა გადადგეს. ამას დეკემბერში გავიგებთ. პარტიის ლიდერის კანდიდატებად კი, სულ ცოტა, სამი ადამიანი მაინც არის: ფრიდრიხ მერცი, ანეგრეტ კამპ-კარენბაუერი და არმინ ლაშეტი.

როგორც პოლიტოლოგი ალექსანდრე რარი ამბობს, ფრიდრიხ მერცი ეკონომიკური წრეებიდანაა და ძალიან მჭიდროდ არის დაკავშირებული აშშ-ის საქმიან ბიზნესთან. არაა გამორიცხული, რომ მისი სავარაუდო ლიდერობის დროს რუსეთ-გერმანიის ეკონომიკური ურთიერთობა აეწყობა. ალბათ, ლიბერალური ფასეულობებისადმი ერთგულება ისეთი მტკიცე აღარ იქნება, როგორც ანგელა მერკელის დროს, მაგრამ ფრიდრიხ მერცი კონსენსუსს არ დაარღვევს. ანეგრეტ კამპ-კარენბაუერი ანგელა მერკელზე უფრო რბილი პიროვნებაა და შეიძლება ითქვას, თუ იგი პარტიის ლიდერი გახდება, ანგელა მერკელი კანცლერად 2021 წლამდე დარჩება, თუ, რა თქმა უნდა, რაღაც ექსტრაორდინალური არ მოხდა. რაც შეეხება არმინ ლაშეტს, იგი ამჟამად ჩრდილოეთ რეინ - ვესტფალიის პრემიერ-მინისტრია და იგი რუსეთისადმი დიდი სიმპათიებს ამჟღავნებს. თუ იგი ქდკ-ს თავმჯდომარე იქნება, გაჩნდება შანსი რუსეთ-გერმანიის ურთიერთობა გაუმჯობესდეს.

თუმცა, ყველა შემთხვევაში, მოსკოვ-ბერლინის ურთიერთობა ისეთი აღარ იქნება, როგორც გერჰარდ შრედერის კანცლერობის ეპოქაში იყო. უნდა ვივარაუდოთ, რომ გერმანია კვლავ ევროპულ კონსენსუსს დაიცავს, ბერლინი ყურადღებას მიაქცევს ბალტიისპირელების, შვედების, პოლონელების და მეტ-ნაკლებად - ბრიტანელების პოზიციებს (ლონდონს კი მკვეთრად ნეგატიური პოზიცია აქვს რუსეთის მიმართ). 
ანგელა მერკელმა რუსეთისათვის სამი პოზიტიური რამ გააკეთა:

პირველი - მან 2008 წელს ნატოს გაფართოება შეაჩერა საქართველოთი და უკრაინით. სხვათა შორის, ანგელა მერკელის ეს დამსახურება რუსეთში ცოტას თუ ახსოვს. არადა, სწორედ იგი უპირისპირდებოდა მტკიცედ ამ საკითხში აშშ-ის იმდროინდელ ხელმძღვანელობას. ანგელა მერკელმა მტკიცედ უთხრა ჯორჯ ბუშს: "უკრაინა და საქართველო ნატოში არ იქნებიან. უკიდურეს შემთხვევაში, ამ ეტაპზე მაინც". ამით მან ნამდვილად ისტორიული როლი შეასრულა.

მეორე - ანგელა მერკელი ძველებურად მხარს უჭერს გაზსადენ "ჩრდილოეთის ნაკადს" და ენერგეტიკულ ალიანსს რუსეთსა და ევროპას შორის. ამ საკითხში იგი მტკიცედ დგას თავისი წინამორბედების პოზიციებზე (ჰელმუტ კოლი, გერჰარდ შრედერი). არადა, მასზე საშინელი ზეწოლა ხდება - აშშ-დან, იტალიიდან, პოლონელებისგან, ბალტიისპირელებისგან. ბევრ სახელმწიფოს უნდა, რომ გერმანიამ რუსეთთან ენერგეტიკული კავშირი დაარღვიოს.

მესამე - ანგელა მერკელმა მნიშვნელოვანი ძალისხმევა გასწია უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში სიტუაციის დამშვიდების მიზნით. გერმანია და საფრანგეთი რომ არ ჩარეულიყვნენ და ვლადიმერ პუტინთან და პეტრო პოროშენკოსთან ერთად ნორმანდიის ფორმატი რომ არ შეექმნათ, ამერიკა, ალბათ, უკრაინას ლეტალური იარაღით გაავსებდა და კიევს მოსკოვთან ომისაკენ უბიძგებდა. ანგელა მერკელმა ეს საფრთხე კარგად გაიგო და პროცესი შეაჩერა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930